როცა “ბესტსელერი” მართლა კარგი წიგნია

თავიდანვე ვიტყვი – ამ წიგნის წაკითხვას არ ვაპირებდი.

ავტორს ვიცნობ, ბლოგი ვიცი, პოსტები წამიკითხავს, სტატუსები, საკონკურსო მოთხრობები, სტილი ისეთი აქვს, ათას კაცში რომ გამოარჩევ და ახალი რა უნდა იყოს-მეთქი.

ისეთი ჯიუტი და თავისნათქვამა ვარ, ჩემი გადარწმუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ოღონდ ამ შემთხვევაში რაღაცები შეიცვალა.

რა იყო და როგორ, არ მოვყვები, მაგრამ შაბათს მაღაზიიდან წამოვიღე და გუშინწინ ჩანთაში ჩავაგდე – სამსახურამდე გრძელი გზაა და აბა, ვნახო, რა ხდება-მეთქი.

სახლამდე რომ არ მომყვა (წაუკითხავი) ამის თქმა ზედმეტიც კი მგონია – ჯერ ისედაც პაწაწუნაა და, რაც მთავარია, როდის იყო, ერთი ამოსუნთქვით წაკითხვას წიგნის სისქე უშლიდა ხელს. სქელ-სქელ ტომებზეც მითქვამს იგივე და “ბესტსელერი” სწორედ ერთი ამოსუნთქვის წიგნია.

სიუჟეტისა რა გითხრათ – ცინცხალი გამოცემაა, ჯერ მხოლოდ რედაქტორებს ექნებათ წაკითხული, სტამბის ცნობისმოყვარე თანამშრომლებს და ავტორს. ასე რომ, ყველაფერი წინ გაქვთ და პირი რომ მოვაღო, სპოილერის გავრცელებისთვის ჯოჯოხეთი არ ამცდება. თან, ლიტერატურული კი არა, ნამდვილზე ნამდვილი.

ეს ლიტერატურული ჯოჯოხეთი რა შუაშიაო, იკითხავს ვინმე. შუაში კი არა, თავშია, ჩემო კარგებო.

მთავარი პერსონაჟი, მწერალი პიერ სონაჟი, თავს იკლავს და ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ხვდება – იქ, სადაც მწერლებს ისევე აწამებენ, როგორც მწერლები აწამებდნენ მკითხველებს. პიერის ერთგული მკითხველი და თაყვანისმცემელი ჰიპშტერი ლუსი (მეცნო, ღმერთმანი) თაყვანისცემის ობიექტის რომანის ფურცლებზე აღმოჩენილი შიფრის გატეხვას ცდილობს. მერე რა ხდება, თავად ნახავთ. მოხდენით კი ისეთები ხდება, ოჰო-ჰო-ჰოოო…

კალამბურებით და ალუზიებით არის სავსე ეს “ბესტსელერი“, სტილი ვახსენე წეღან და გასაკვირიც იქნებოდა, ბექა ადამაშვილის წიგნში სხვაგვარად ყოფილიყო. მეტწილად ლიტერატურული ალუზიებია, სახალისო, საინტერესო და იოლად ამოსაცნობი. კაცმა რომ თქვას, ავტორს მაინცდამაინც არც უცდია დამალვა, ყველაფერს იქვე, სქოლიოში ხსნის კარგი მასწავლებელივით, თუმცა ვასილ ბარნოვს, ო’ ჰენრის და “როჯერ ეკროიდის მკვლელობას” თუ მიაგნებთ, მაინც გესიამოვნებათ.

და იუმორი… სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის რომანიაო, ანოტაციაში წერია, მაგრამ მთავარი ინგრედიენტი მაინც იუმორი მგონია. და ვისაც ფურცლის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე ხუმრობების რაოდენობა ოდნავ გადაჭარბებული მოგეჩვენებათ, მათ გასაგონად ვიტყვი: ჯერ ერთი, რომ არც ისე გადაჭარბებულია და მეორეც – ეს წიგნი (ალბათ) იმისთვის დაიწერა, რომ იცინოთ და რაც მეტი ხუმრობა იქნება შიგნით, მით უკეთესი. ყველაზე დიდ სისულელეებს სერიოზული სახით რომ ამბობენ, ესეც გეცოდინებათ.

ჩვენ, ხომ იცით, სტერეოტიპების ხალხი ვართ. ძეგლი თუ დავდგით, იმხელა კვარცხლბეკი უნდა ჰქონდეს, ჭოკით ვერ ახტე, მწერალი აუცილებლად ერისკაცი და მამულზე ფიქრში დამაშვრალი უნდა იყოს და წიგნმა ცხოვრების საზრისზე დაგვაფიქროს – სხვანაირად არც ერთი მოგვწონს, არც მეორე და არც მესამე. არადა, წიგნებს ზოგჯერ მკითხველის გასართობადაც წერენ. აი, მე, მაგალითად, წიგნს, როგორც წესი, გასართობად და სიამოვნებისთვის ვკითხულობ და რა გითხრათ, ჯერ ტანზე არ დაუყრია… ჰოდა, არ ღირს “ბესტსელერში” ქვეტექსტების ძებნა. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ )

ერთიც: ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ, მაგრამ ორში “ლიგამუსში” “ბესტსელერის” პრეზენტაციაა. ჰოდა, არ ღირს გამოტოვება. ცხვირი მიგრძნობს, სტანდარტული, მოსაწყენი ლექცია არ გელოდებათ და დროს მშვენივრად გაატარებთ, წიგნსაც წამოაყოლებთ და ბევრსაც იცინებთ. ამბობენ, ტორტი იქნებაო და ერთი ნაჭერი ჩემ მაგივრადაც ჩასუსნეთ. ორიც შეიძლება.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბესტსელერი, ბექა ადამაშვილი, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, იუმორი, ლიგამუსი, ლიტერატურული პაროდია, ლიტერატურული ჯოჯოხეთი, მოლის ბიბლიოთეკა, პაროდია, პიერ სონაჟი, პროზა, ჟანრული პროზა, ქართული პროზა, ჯოჯოხეთი
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...