ფანტასტიკური ამბები ბათუმიდან

წელიწადზე მეტია, ჩემს ქალაქში “წიგნები ბათუმში” არსებობს და, მგონი, იქაურობის ისეთივე სავიზიტო ბარათად იქცა როგორიც, მაგალითად, პიაცა, ბულვარი ან აჭარული ხაჭაპურია.

წელიწადზე მეტია, თბილისელები (და არამხოლოდ თბილისელები) შორიდან უყურებენ ამ საყვარლობას და გულზე სკდებიან – ერთი ასეთი ბუქსთორი არც ჩვენ გვაწყენდაო.

მერე რა, რომ თბილისს წიგნის მაღაზიები არ აკლია… მერე რა, რომ ასარჩევად გვაქვს, ლიტერატურული სასუსნავი სად შევიძინოთ; მე მაინც ძალიან მინდა ისეთი მაღაზია, სადაც ძველი მეგობარივით შემხვდებიან, დროდადრო დამირეკავენ, საინტერესო სიახლეები გვაქვს, შემოიარეო და კვირის ბოლოს ყველა ახალ წიგნს დამახვედრებენ, სადაც სამსახურიდან წამოსული, გვიან საღამოს, კონსულტანტებს ვეჭორავები და ახალჩამოფქულ-მოხარშულ შავ ყავას დავლევ, სადაც მსუყე, ექსკლუზიური ფასდაკლება მექნება, რომლითაც თითქმის არასოდეს ვისარგებლებ, იმიტომ რომ წიგნის მაღაზია ბიზნესია, მოგებაზე გათვლილი, მე კი კარგი წიგნისთვის ფული არ მენანება. ჰო, კიდევ, წამოსვლისას საყვარელ საფირმო ჩანთაში ჩამიწყობენ შენაძენს და ისე გამომატანენ.

წელიწადზე მეტია, ირაკლის და მარის გული შევუღონე – სულ დედაქალაქური ფილიალის ამბებს ვეკითხები.

ჰოდა, ორიოდე კვირის წინ, აღმაშენებლის “ლუკა პოლარეში“, ჩემს საყვარელ მაგიდასთან რომ მოვკალათდით, ლეას ამბების მერე პირველად ისევ ეს ვკითხე: რამე ახალი ხომ არ არის-მეთქი.

მარის გაეცინა და – არ გადმოვდივართ, გადავიფიქრეთო.

საოცრად იმედგაცრუებული სახე მქონდა ალბათ და მაშინვე ერთხმად დაამატეს – გამომცემლობას ვხსნითო.

თქვენ იცით, რა არის გამომცემლობა? არა, გამომცემლობა როგორ არ გეცოდინებათ. ის თუ იცით, რამხელა შრომა სჭირდება წიგნების გამოცემას? წიგნები შეარჩიე, საავტორო უფლებები იყიდე, მთარგმნელები შეიგულე, რედაქტორები, დიზაინი შეარჩიე, სტამბას შეუთანხმდი, ტირაჟზე იფიქრე, საბაჟოს ელაპარაკე, მაღაზიებს გაურიგდი, მარკეტინგი, რეკლამა, გაყიდვები, მეკობრეებთან ბრძოლა, ისევ წიგნების შერჩევა, ისევ საავტორო უფლებები, მთარგმნელები, რედაქტორები და გაყიდვების ანალიზი… ბევრი უძილო ღამე და სიახლის მუდმივი ძიება. წიგნის მაღაზია გამომცემლობასთან შედარებით საზაფხულო აგარაკია.

ჰოდა, ამას ეჭიდებიან ბავშვები – ორი დიდი და ერთი პატარა ) აბა, ლეას გარეშე არაფერი გამოვა – ციცქნა აქტიურად არის ჩართული საოჯახო ბიზნესში.

სამაგიეროდ, ახალი წიგნები და მერე რა წიგნები… სულ ნარჩევ-ნარჩევი! ყველა გამოცემა რომ მოვლენა იქნება და წესისთვის ერთსაც არ დაბეჭდავენ, აი, აქედანვე გეუბნებით. რა აკლია თანამედროვე ქართულ ბიბლიობაზარს, ყველაზე უკეთ ამათ იციან და არც არაფერი შეეშლებათ. უკვე თქვეს, თანამედროვე ტექსტებსა და საყმაწვილო ლიტერატურასთან ერთად საი-ფაისაც მივხედავთო და ქართული გამომცემლობების მიერ თითქმის სრულიად იგნორირებული ფანტასტიკის აღორძინება იმხელა მადლია, შეფასებაც კი გამიჭირდება.

პირველი წიგნებიც ვიცი, რაღაცები გამიმხილეს, მაგრამ ისეთი თავხედიც არ ვარ, თქმა დავასწრო. ცოტა ხანში თავადაც იტყვიან საქვეყნოდ და მერე ნახეთ თქვენ გულებისა და ლაიქების წვიმა და აღფრთოვანებული შეძახილები.

მანამდე კი, მგონი, ახალი თარო უნდა შევუკვეთო. საგანგებოდ ბათუმური წიგნებისთვის.

ორი მაინც. ერთი არ მეყოფა.


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ბათუმი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, ირაკლი ბაკურიძე, ლეა ბაკურიძე, მარი კორინთელი, მოლის წისქვილი, წიგნები, წიგნები ბათუმში, Books in Batumi, Sci Fi & Fantasy
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...