ვაითუ სამყაროს შექმნა შეცდომა იყო…


ქარჩხაძის გამომცემლობა

“ო, უკვდავო ღმერთებო, რა ბინძურ დროში მარგუნეთ ცხოვრება!“

აბა, გამოიცანით, ვინ არის ამ სასოწარკვეთილი შეძახილის ავტორი?! ვერაფერსაც ვერ გამოიცნობთ, ამიტომ თავად გეტყვით – ნერონი გახლავთ. დიახ, დიახ, სწორედ ის ნერონი – იმპერატორი, მსახიობი, დესპოტი და მკვლელი, იმპერიის დედაქალაქიც რომ არ დაინანა ცეცხლისთვის.

და ის ამ სიტყვებს ჯემალ ქარჩხაძის “იუპიტერის სინანულში“ ამბობს, ერთ პატარა წიგნში, სადაც ადამიანის სულის ბნელ ლაბირინთში დაგვატარებს და თხრობის ლაღი, წყაროსავით მორაკრაკე მანერის წყალობით ამ წყვდიადში ხეტიალს გვიადვილებს.

არადა, ციცქნა რომანია, ერთი შეხედვით, გზაში საკითხავი რომ გეგონება. აიწევა ფარდა და… ღმერთების ქოროსთან ერთად სცენაზე იუპიტერია – ეჭვებით შეწუხებული და ჩაფიქრებული – ვაითუ სამყაროს შექმნა შეცდომა იყო.

შორს კი, სადღაც, დროის ტეხილი ხაზის რომელიღაც წერტილში ნერონი სპილოს ძვლის სავარძელში ნებივრობს და ოქროსჩარჩოიან სარკეში საკუთარი ანარეკლით ტკბება. ტკბება და გონებაში საკუთარი დედის მკვლელობას გეგმავს. აბა, რა ეგონა აგრიპინას, რომ ეუბნებოდა, ბრიტანიკუსი იმიტომ მოკალი, შენზე უკეთ რომ მღეროდაო. არა, ამის მოთმენა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ თხა რომ შეიჩვია გადასახლებაში – მისი კიკინი ჩემი შვილის სიმღერას მაგონებსო…

ძალაუფლების მწვერვალიდან ყველაფერი უმნიშვნელოა – დედის სიცოცხლეც კი… ერთი ეგაა, ეს მწვერვალი აღარ ჰყოფნის ნერონს – სხვა სიმაღლის დაპყრობა მოსურვებია, ხელოვნების წყალობით ცდილობს ისტორიაში შესვლას, პარნასისაკენ უჭირავს გეზი.

მიდის ნერონი, უახლოვდება ნელ-ნელა არა სანუკვარ მიზანს, არამედ აღსასრულს და ყოველ ნაბიჯზე კვდება მასში ადამიანი… მეგობრებისა და ახლობლების სისხლით მორწყულ გზაზე ტოვებს სულის ნაგლეჯებს და ბოლოს, ფაონის მამულში, უკანასკნელი, საბედისწერო ნაბიჯის გადადგმასაც ვერ შეძლებდა, ეპაფროდიტუსი რომ არა. ამაოდ ურჩევდა მოხუცია გადია: „გამხნევდი და თავი არ შეირცხვინო. ისე მოიქეცი, თითქოს არ გეშინია. ამით ღმერთების სიმაღლეს ვერ მიაღწევ, მაგრამ ადამიანების სიმდაბლეს მაინც ასცდები“.

მიგვიძღვება ავტორი ადამიანური წიაღის ყველაზე ბნელი, ყველაზე შემზარავი კუნჭულებისკენ, ოდნავ ასწევს საბურველს, ცალი თვალით შეგვახედებს და დაუშვებს ისევ.

იუპიტერი კი ნანობს. რა შესაქმნელი იყო ეს სამყარო.

“ძრწოდე, სამყაროვ! განაჩენი ახლოვდება! იუპიტერი ფიქრობს!“


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აგრიპინა, ახალი ქართული ლიტერატურა, ბრიტანიკუსი, ეპაფროდიტუსი, იუპიტერი, იუპიტერის სინანული, მოლის ბიბლიოთეკა, ნერონი, პროზა, რომი, სენეკა, ქართული პროზა, ქარჩხაძის გამომცემლობა, ჯემალ ქარჩხაძე, Book City
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...