დედა

ერთი ძველი, კარგი წიგნისა არ იყოს, ჩემი ბავშვობის წლებს ფონად გამები, ეტიუდები და სონატები ედო – დედა, მუსიკის მასწავლებელი, ერთდროულად სამ ადგილას მუშაობდა და მოსწავლეები შინაც დაუდიოდა.

მოკლედ, დიდი ჯაფა ადგა პიანინოს, თუმცა დროდადრო ჩვენთვისაც იცლიდა.

მიუჯდებოდა დედა ძველ “ლირას”, დაგვსხამდა მე და ჩემს და-ძმას, გვიკრავდა და გვიმღეროდა “მზიურის” ლამის მთელ რეპერტუარს და სიმღერებს საყვარელი მულტფილმებიდან.

მე კი ვიჯექი სმენადქცეული, სუნთქვაშეკრული, თვალებგაფართოებული და იმ წუთებში ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა ამქვეყნად.

ახლა ვხვდები, რომ მართლა ბედნიერი ვყოფილვარ – მშობლები ახალგაზრდები მყავდნენ.

დედას რომ ჰკითხო, ახლაც ახალგაზრდაა. სახლი ხომ მის კისერზეა და სამსახურშიც დადის ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, კვირაში ორჯერ. ვეხვეწები, დარჩი შინ, აქაურობას მიხედე, ისეთს რას გიხდიან, ჩვენ მოგცემთ იმ ფულს, შენ დაისვენე-მეთქი. აი, იქ ვისვენებ ზუსტადო, მეუბნება.

ოთხმოცდაათიანების ნგრევაც დედამ გადაგვატანინა. ბევრგან მოხდა ასე. მამებმა ფეხი ვერ აუწყვეს ახალ, სასტიკ რეალობას. ოჯახის რჩენის მთელი სიმძიმე დედამ იტვირთა და გადაგვარჩინა. გვასწავლა კიდეც. ძნელი იყო იმხანად სწავლა. ჩვენ ვისწავლეთ. სამივემ ჩავაბარეთ და ვისწავლეთ. თან უფასოდ. იმისთვის არა, რომ მაინცდამაინც დიპლომი გვდებოდა კარადის უჯრაში – მთელი ბავშვობა ვსწავლობდით და სხვანაირად ვერც წარმოგვედგინა. ჰოდა, დედამაც ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ახლა ხუმრობს, თქვენი დიპლომების თითო გვერდი მეც მეკუთვნისო. იურისტიც გამოვდივარ, ექიმიც და ხელოვნებათმცოდნეცო.

არადა, თურმე ქალის ადგილი სამზარეულოში ყოფილა. თურმე მამაკაცია ოჯახის თავი, ქალი კი, საუკეთესო შემთხვევაში, დამხმარეა. თურმე სქესთა თანასწორობის იდეა არასწორად გაგვიგია და, საერთოდ, არასწორი იდეაა. თურმე… თურმე… თურმე…

არ მინდა ამაზე ლაპარაკი. არ მეხერხება. ამას ჩემზე უკეთ სხვები იტყვიან. სულ სხვა რამ მაქვს სათქმელი.

ამას წინათ მივუჩოჩდი, რამე დამიკარი-მეთქი.

სამზარეულოში იჯდა, ცალი თვალით სადილს დარაჯობდა და მორიგ სუდოკუს ხსნიდა (მე არ გამომდის სუდოკუ – ციფრები მერევა, დედა პროფესიონალია, დაუძლეველი სუდოკუ არ არსებობს მისთვის; არადა, ჩემზე უიმედო ჰუმანიტარია).

სათვალის ზემოდან გადმომხედა, ირაკლი რომ მოვა, პასუხი შენ გაეციო, ერთი კი მითხრა და მერე ორი საათი მიკრავდა ბავშვობის დროინდელ სიმღერებს, სანამ მორიგეობიდან დაბრუნებული ჩემი ძმა არ დაგვადგა თავზე, მშიერი და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისათვის საშიში.

დედა ინტერნეტს კი იყენებს (ვასწავლეთ და მოეწონა ძალიან), მაგრამ ამ ბლოგის არსებობის შესახებ არაფერი იცის (იმედია) და პოსტსაც მშვიდად ვწერ – დიდი ალბათობით, ვერ წაიკითხავს.

განა რამე, ამას ისედაც ვეტყოდი და ათასჯერაც მითქვამს, ყოველდღე ვუმეორებ, ყოველდღე ვეხვეწები, წნევას მიხედოს, მის ყოველ დაჩივლებაზე გული მისკდება, დღეში რამდენჯერმე ვურეკავ სამსახურიდან დაფეთებული და ვცდილობ, ხმაზე შევატყო, როგორ არის (ცუდად ვარო, არაფრისდიდებით არ გამოტყდება), მაგრამ მაინც მირჩევნია, არ წაიკითხოს.

ძალიან მიყვარხარ, დე.


Filed under: მე - მოლი ბლუმი Tagged: დედა
  • Love
  • Save
    1 love
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...