ნოეს არტ-კიდობანი სულაკაურისაგან

გულახდილად გეტყვით, არ მეგონა, ფერწერისადმი მიძღვნილი გამოცემა თუ გამაკვირვებდა – არც მე მაქვს ალბომების ურიგო კოლექცია, არც ჩემს მშობლებს და ვფიქრობდი, ახალი რაღა უნდა იყოს-მეთქი.

სულაკაურმა მაინც მოახერხა ჩემი გაკვირვებაც და აღფრთოვანებაც – არც აცივა, არც აცხელა და DK-ს მხატვრობის ილუსტრირებული ისტორია შემოასკუპა თაროებზე – ბუთქუნაზე ბუთქუნა, საოცარი ილუსტრაციებითა და უამრავი ინფორმაციით გაძეძგილი.

თქვენი არ ვიცი და მე ყველაზე მეტად სწორედ ამ ინფორმაციამ მომხიბლა – რეპროდუქციები არავისთვის არის უცხო ხილი, ასე ერთად თავმოყრილი, ფერწერის მოყვარული ადამიანისთვის საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაცია კი სხვაგან ჯერ არ შემხვედრია, ყოველ შემთხვევაში, ქართულ ენაზე.

მართლა ბევრი რამ არის ამ წიგნში – პრეისტორიული და ძველი ეგვიპტის ხელოვნებიდან რომ იწყება, არც ბერძნებსა და რომაელებს აუვლის გვერდს, არც ადრეულ ქრისტიანებს, არც გოთიკა და რენესანსი გამორჩება, არც ბაროკო და როკოკო, არც რომანტიზმს, რეალიზმს და პრერაფაელიტებს დატოვებს უყურადღებოდ, იმპრესიონიზმზე, სიმბოლიზმსა და აბსტრაქციონიზმზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

არ გეგონოთ, მხოლოდ ფერწერას ეხებოდეს ეს წიგნი – ალაგ-ალაგ მიმობნეული ისტორიული და კულტურული ინფორმაციაც არანაკლებ საინტერესოა: უძველეს უნივერსიტეტებზე, შავი ჭირის ეპიდემიაზე, ფლორენციის საგადასახადო სისტემაზე, ცნობილ მეცენატებზე, სიცილიის დამანგრეველ მიწისძვრაზე, საერთაშორისო გამოფენებზე, დედოფალ ვიქტორიას ფესტივალზე და კიდევ იმდენ რამეზე, აქ ნამდვილად რომ ვერ ჩამოვთვლი.

ამ წიგნიდან გაიგებთ, რა არის სფუმატო, რას ნიშნავს ჰაეროვანი პერსპექტივა, ტინტორეტოს სახელოსნოს კედელზე მიწერილ დევიზსაც წაიკითხავთ, ლეონარდოს ტრაქტატის ფრაგმენტებსაც… მოკლედ, არ მოიწყენთ.

“ილუსტრირებული ისტორია“ მოვლენათა ანალიზსაც არ დაგვზარდება – მოკლედ გვიამბობს სხვადასხვა მიმდინარეობის ჩამოყალიბების მიზეზებსა და გარემოებებზე, ეპოქის რეალიებზე, გავლენაზე, რასაც თუნდაც ყველაზე სახელმოხვეჭილი ფერმწერები განიცდიდნენ სხვა მხატვრების შემოქმედების წყალობით.

კიდევ ერთმა რამემ მომხიბლა – საქვეყნოდ განთქმული ტილოების რეპროდუქციების გვერდით ბევრი სხვა ილუსტრაციაც მოიძებნება, ნაკლებად ცნობილი, და ესეც უდავოდ დიდ სიამოვნებას მოჰგვრის მკითხველს.

მოკლედ, უსაშველოდ ინფორმაციული გამოცემაა და არ იფიქროთ, უკვე გადამებულბულებინოს – ილუსტრაციებითა და უამრავი ნაცნობ-უცნობი ფაქტით სავსე თითქმის ოთხასგვერდიანი გზამკვლევი ასე იოლად დასაძლევი არ გახლავთ; ესეც არ იყოს, ამისთანა წიგნების სულმოუთქმელად გადასანსვლა ვის გაუგონია – ნება-ნება უნდა დააგემოვნო, იშვიათი ნუგბარივით, სიამოვნება გაიხანგრძლივო და თავშიც და გულშიც, თუ ყველაფერი არა, რაც შეიძლება მეტი სიახლე დაიტიო.

ყოველ შემთხვევაში, მე სწორედ ამას ვაპირებ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ალბომები, არტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მოლის ბიბლიოთეკა, მხატვრობა, მხატვრობა - ილუსტრირებული ისტორია, ნატიფი ხელოვნება, ქართული თარგმანი, ხელოვნება, DK, The illustrated story of art
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...