ნაღმი, რომელიც (არ) აფეთქდა


“ნაღმი” კინოთეატრ”ამირანში.

კინოში უქმეებზე დავდივარ.

სადაგ დღეებში, უბრალოდ, გამორიცხულია. კინო ერთგვარი რიტუალია, ცაიტნოტი და გადარბენა არ უხდება: ბილეთი უნდა დაჯავშნო, რომელიმე საყვარელ კაფეში ყავა დალიო, აუჩქარებლად მიტუსტუსდე “რუსთაველამდე” ან “ამირანამდე”, სეანსის შემდეგ ისევ რომელიმე კაფეში მოკალათდე და სტეიკის თანხლებით გაარჩიო ეს-ესაა ნანახი ფილმი…

სამსახურიდან რვაზე ან ცხრაზე გამოსულს კი მხოლოდ იმის თავი მაქვს, შინამდე მივლასლასდე.

მოკლედ, კინოსთვის უიქენდი შეუქმნია ღმერთს, მაგრამ ზოგჯერ რაღაცები იცვლება ხოლმე…

მეგობარმა დაგვპატიჟა ხუთშაბათს. თერთმეტის ნახევრამდე ვერაფრით ვახერხებდით. წავედით თერთმეტისნახევრიან სეანსზე, შინ, მგონი, პირველზე დავბრუნდი და ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე: წესები იმისთვის არსებობს, რომ ზოგჯერ დაარღვიო.

ნაღმზე” ვიყავით, ლევან ბახიას ახალ ფილმზე.

იქნებ არ დამეთანხმოთ, მაგრამ ასე მგონია, ბოლო დროს შედევრების გადაღება უფრო გამოგვდის, გასართობი კინოინდუსტრია კი, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებს. არადა, მე ერთი რიგითი კინომოყვარული ვარ და ფილმებს, როგორც წესი, გასართობად ვუყურებ.

თავიდანვე პატიოსნად გაგვაფრთხილეს პროდიუსერებმა – კომერციული პროექტიაო, ჰოდა, მაინცდამაინც “ცამეტის”, “სიმინდის კუნძულის” ან “მანდარინების” მოლოდინი არ მქონია. კარგად გაკეთებულ ქართულ მძაფრსიუჟეტიან ფილმს ველოდი და, როგორც აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ.

“ნაღმი” იწყება ისე, როგორც არაერთი ჰოლივუდური სურათი დაწყებულა: წარმტაცი ბუნება, გადასარევი ამინდი, ღია ოფფროუდერში – ტურისტები: ორი ბიჭი და ერთი გოგო. ტურისტები მშვენიერ გუნებაზე არიან, ლაზღანდარობენ, ხუმრობენ და ელი, რომ სიუჟეტი ამჯერადაც ისე განვითარდება, როგორც მრავალგზის გინახავს აქამდე, მაგრამ უცებ ბრახ და… ყველაფერი თავდაყირა დგება.

“ნაღმი” ინოთეატრ “ამირანში”.

ასეთ ფილმებს, ალბათ, ფსიქოლოგიური თრილერის კატეგორიას მიაკუთვნებენ. არ ვიცი, კლასიფიკაციაზე სხვებმა იდავონ, მაგრამ მე რომ უკანასკნელ კადრამდე თვალი არ მომიწყვეტია ეკრანისთვის, არც სიგარეტი გამხსენებია, არც შიმშილი და თერთმეტსაათიანი სამუშაო დღის დაღლილობაც უკვალოდ გაქრა, ფაქტია.

ხუთშაბათს ვნახე-მეთქი და ამ უიქენდზე თქვენც მოასწრებდით კინოში შევლას, მაგრამ მაინც ახალი ჰქვია და სპოილერებს მოვერიდები. არადა, კბილები მიკაწკაწებს, ისე მინდა, მისხალ-მისხალ გავარჩიო. არა უშავს, კომენტარების სისტემა გადასარევად მუშაობს და იქ განვიხილოთ.

მძიმე ფილმია. მძიმე და დამთრგუნველი. საფინალო სცენის ჩათვლით (რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა). თუმცა ამ სიმძიმეში იუმორსაც მოეძებნა ადგილი (შავს, მაგრამ მაინც) და მშვენიერ მუსიკასაც. კოტე თოლორდავას გმირიც დამაჯერებელი მეჩვენა და არც სხვებს დაუკლიათ ხელი… სიყალბე არ მიგრძნია, რაც ყველაზე მეტად მჭრის ხოლმე ყურს და თვალს უკანასკნელი ოცწლეულის ქართულ კინოში… ჯანდაბას, ამ სპოილერების შიშის გადამკიდე, მეორე პოსტის დაწერა მომიწევს!

ფილმს, ცხადია, მინუსებიც აქვს და ამაში გასაკვირი არაფერია. გასაკვირი ის იქნებოდა, პირდაპირ ჟანრის კლასიკა რომ დაედოთ. რამდენიმე კითხვა გამიჩნდა სცენარის თაობაზე (ნახავთ და თქვენც გაგიჩნდებათ, დარწმუნებული ვარ). რაღაცების გაკეთება უკეთაც შეიძლებოდა. რუსულ დუბლაჟსაც ქართული გახმოვანება მერჩივნა, მაგრამ ამ კინოს გაყიდვას აპირებენ და ალბათ რუსულიც – აქედან… მოკლედ, ეს ამბავი პროდიუსერებს ჰკითხეთ.

თუმცა, მთავარი სხვა რამ მგონია: ასე თუ გააგრძელეს, არის შანსი, ქართული გასართობი კინოინდუსტრია გამოცოცხლდეს. ოქროს პალმის რტოები, ოქროს გლობუსები და კონდორები, ფელიქსები და ცეზარები, იცოცხლე, კარგია, მაგრამ კინო მხოლოდ არტჰაუსი ხომ არ არის… თქვენი არ ვიცი და დიდი სიამოვნებით ვნახავდი წელიწადში სამ-ოთხ ხარისხიან სამამულო თრილერს ან დეტექტივს, რატომაც არა.


Filed under: არტი, კინოდარბაზი Tagged: არტი, გიორგი ცაავა, ელენე ბეზარაშვილი, თანამედროვე ქართული კინო, თრილერი, კინო, კინო "ამირანი", კინო "რუსთაველი", კინოდარბაზი, კოტე თოლორდავა, ლევან ბახია, ნანა კიკნაძე, ნაღმი, ჟანრული კინო, ქართული კინო, Dean Geyer, Horror, Sarke Studio, Spencer Locke, Sterling Knight, The Land-Mine
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...