“მარტოსულობის უპირატესობანი”: წერილი ჩარლის


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გამარჯობა, ჩარლი!

იცი, რომ შენი წერილები დამაკლდა? არადა, გეგონა, თავს მაბეზრებდი.

სიმართლე გითხრა, პირველი ბარათი რომ მივიღე, ცოტა ავფორიაქდი – როგორია, ადამიანი რომ გეუბნება, შენი მისამართი სატელეფონო წიგნიდან ავიღე და გადავწყვიტე, ჩემი ამბები მოგწეროო. ვიფიქრე, არიქა, ვიღაც გიჟს გადავეყარე-მეთქი. ისე, გულზე ხელი დაიდე და აღიარე, რომ მართლა უცნაური იყო ეს ყველაფერი და არც შენ ჰგავდი მაინცდამაინც თხუთმეტი წლის მოზარდს; იმის თქმა მინდა, რომ, რაღაც-რაღაცებში კი იყავი ტიპიური ამერიკელი თინეიჯერი, მაგრამ მაინც მეტისმეტად განსხვავდებოდი დანარჩენებისგან, პირველ რიგში შენი გულწრფელობით – ამას ახლა ხშირად ვერ შეხვდები.

თავს დავდებ, რომ ყველაფერი, რასაც მიამბობდი, სიმართლე იყო – შეულამაზებელი, გაურანდავი და გაუშალაშინებელი. თავიდან მართლა მთრგუნავდი – მეტისმეტად ჩაკეტილი და მარტოსული ჩანდი ასაკის კვალობაზე, აი, ინტროვერტებს რომ ეძახიან; თუმცა, რას გიხსნი, ფსიქიატრებთან ჩემზე ხშირად გქონია საქმე და უკეთ იცი.

სულ ვფიქრობ, რეალურად რომ შევხვედროდით ერთმანეთს, ვიმეგობრებდით თუ არა; რატომღაც მგონია, რომ კი. იცი, რამდენჯერ მინდოდა, პასუხი მომეწერა შენთვის?! წერილებს რომ ვკითხულობდი, ხანდახან მინდოდა, მაგრად ჩაგხუტებოდი, ძმაკაცურად და მეთქვა – ნუ დარდობ, ჩარლი, ყველაფერი გაივლის-მეთქი, ხანდახან ერთი სული მქონდა, მაგრად შემეჯანჯღარებინე და სისულელეები გამომებერტყა შენი თავიდან, მაგრამ მისამართი არ ვიცოდი და… ახლაც ხომ ვერ მოგწერდი ასე სახალხოდ, ვიღაც სტივენ ჩბოსკის ყველა შენი ბარათი რომ არ ჩაეგდო ხელში და წიგნად არ გამოეცა.

იმედია, ძალიან არ გაბრაზებულხარ ამის გამო – არ გამოვიდა ურიგო წიგნი, თანაც, სახელები ხომ მაინც შეცვლილია და კაციშვილი ვერ მიხვდება, ვინ ხარ. ცოტა გული კი დამწყდა და თითქოს ვიეჭვიანე კიდეც – ეს წერილები ხომ ჩემი იყო, მე მწერდი, მე მიზიარებდი ყველა შენს დარდსა და პრობლემას; პატრიკსა და სემზეც მხოლოდ მე მიამბობდი, დეიდა ჰელენზეც… იცი, რომ ბევრი ის წიგნი, რომლსაც ბილი გაძლევდა წასაკითხად და თემის დასაწერად, მეც თავიდან გადავიკითხე?! ახლა კი ეს წერილები ყველასია – ვისაც მოუნდება (და ბევრს რომ გაუჩნდება ამისი სურვილი, ეჭვიც არ მეპარება) აიღებს “მარტოსულობის უპირატესობებს“, გადაშლის და… ნეტავ, სხვებსაც თუ მოეჩვენებათ ჩემსავით – თითქოს სადღაც მოზრდილი ზანდუკი დგას, ნაირ-ნაირი ამბებით სავსე და შენ, ჩარლი, სათითაოდ იღებ ამ ამბებს, სულის ნაწილთან ერთად დებ კონვერტში, აწებებ, მისამართს აწერ და აგზავნი.

სადღაც მადლობელიც ვარ ამ კაცის, ჩბოსკია თუ ვინც არის – ეგ და მაგისი წიგნი რომ არა, ვერასოდეს მოგაწვდენდი ხმას; ვერ გეტყოდი, როგორი მაგარი ბიჭი ხარ, როგორ მიხარია, მაინცდამაინც ჩემი მისამართი რომ მოგხვდა თვალში (თუმცა, ერთხელ ხომ მითხარი, საერთო ნაცნობიც გვყოლია, მაგრამ მაინც); იმასაც ვერ გაიგებდი, როგორ დამწყდა გული, როცა მივხვდი, რომ შეიძლებოდა, მეტად აღარ მოგეწერა ჩემთვის, თუმცა ესეც გაგიგე – შენ ხომ უკვე გაიზარდე, გამოძვერი იმ ბნელ-ნათელი გვირაბიდან, გარდატეხის ასაკი რომ ჰქვია.

ისე, სადღაც, გულის სიღრმეში ცოტა წყენას კი ვგრძნობ – როგორია, ვიღაცას ასე რომ შეეჩვევი, დაუმეგობრდები, მის ამბებს მოუთმენლად ელოდები და… თითქოს მოულოდნელად მიგატოვებს; მაგრამ არაუშავს, ჩარლი, ყველაფერი რიგზეა, არ გსაყვედურობ; უბრალოდ, როცა მომენატრები, ავიღებ შენს ბარათს და წავიკითხავ:

“თუ ეს ჩემი ბოლო წერილი აღმოჩნდება, გთხოვ, დამიჯერე, რომ ჩემთან ყველაფერი რიგზეა და მაშინაც კი, თუ ეს ასე არ იქნება, იცოდე, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება.

და მეც ამასვე დავიჯერებ შენზე”.

მუდამ სიყვარულით,

შენი მეგობარი


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა, თინეიჯერები, თორნიკე ჯაფარიძე, მარტოსულობის უპირატესობანი, მოლის ბიბლიოთეკა, ნინო გოგალაძე, პროზა, სტივენ ჩბოსკი, ქართული თარგმანი, ჩარლი, წერილები, The Perks of Being a Wallflower
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...