ლიტერატურის ყველა ფერი

ძველ ბიბლიოთეკებში, თუ გახსოვთ, წიგნების გვერდით საგანგებო სტენდები იყო, ჟურნალებით სავსე.

საბავშვო, ფერადნახატებიანი კი არა, სერიოზული, სქელ-სქელი, ლიტერატურული ჟურნალებით.

“ცისკარი”, ‘მნათობი”, “საუნჯე”, “ლიტერატურული საქართველო”, “ჭოროხი” – აჭარის მწერალთა კავშირის გამოცემა; რუსულებიც მოიძებნებოდა აქა-იქ.

მაშინ მე საბავშვოებსა და ფერადნახატებიანებს უფრო ვეტანებოდი და ამათ მაინცდამაინც არც ვაქცევდი ყურადღებას. გემო მერე გავუგე, დიდობაში, საჯაროს საცავებსა და პერიოდიკის დარბაზში ქექვისას.

ჟურნალები ერქვა, თორემ ბარე ორ წიგნს აჯობებდა და, რაც მთავარია, ისეთი რაღაცები იბეჭდებოდა, იმ დროს წიგნად გამოცემას ვინ აღირსებდა. ჟურნალში იოლი იყო შეპარება. ჰოდა, ბეჭდავდნენ.

ახლა სხვა დროა, არც წიგნები გვაკლია, არც ახალი თარგმანები, გამომცემლობებიც გადასარევად მუშაობენ, მაგრამ ლიტერატურულ პერიოდიკას აქტუალობა არ დაუკარგავს. მეც ერთი დიდი თარო მუდამ ახალ-ახალი ჟურნალებით მაქვს სავსე.

დღეს სწორედ ერთ მათგანზე მოყოლას ვაპირებ.

“ლიტერატურულ პალიტრას” კარგა ხანია ვკითხულობ. ჯერ ჩემს ჯიხურში ვყიდულობდი, ნინო დეიდა მინახავდა სხვა რაღაცებთან ერთად; მერე, ერთ დილას, გოგონამ დამირეკა, გამოწერაზე ხომ არ იფიქრებთ, ადვილზე ადვილია, თქვენ მხოლოდ დაგვთანხმდით, ბლანკების შევსებით არ შეგაწუხებთო.

რატომაც არა, დიდი სიამოვნებით-მეთქი. მართლაც, ისე გამოვიწერე, არც გამიგია :) მოვიდნენ, დედას ქვითარი დაუტოვეს და მას შემდეგ თვეში ერთხელ, დილაუთენია, ახალი ნომერი მოაქვს მოპედიან ბიჭს. თუ ბედმა გამიღიმა და შინ დავხვდი, ჩავიგდებ ხოლმე ჩანთაში და სამსახურში მიმაქვს. მთელი დღე მიმყვება მშვენიერი განწყობა.

ან რა გასაკვირია, როცა ჩანთაში ასეთი უგემრიელესობა მეგულება. ჯერ მარტო გარეკანს დახედეთ… ის ძველი ჟურნალები, ზემოთ რომ ვახსენე, რაღაცნაირად ერთ ყალიბში მოჭრილი მახსოვს, თვალს მაინცდამაინც ვერ ახარებდა და ამათ ყდაზე ვის სურათს აღარ ნახავ. მთავარი კონტენტია, ვიცი, მაგრამ ხელში აღებაც ხომ უნდა გესიამოვნოს…

ესთეტიკა იქით იყოს და კონტენტსაც არაფერი დაეწუნება. შორს რომ არ წავიდე, შარშანდელ სარჩევს გადავხედოთ:

ბორხესის მოთხრობები, ტომას ელიოტის “უნაყოფო მიწა”, ფრანსუაზ საგანის “დაკარგული პროფილი”, ხულიო კორტასარის “მშვიდობით, რობინზონ”, რობერტ ლუის სტივენსონის “ერთი ღამის თავშესაფარი”, ჯეკ კერუაკი, გურამ რჩეულიშვილი, კაცუო იშიგურო, დორის ლესინგის “ზაფხული მწუხრის წინ”, რეი ბრედბერის საკულტო “A Sound of Thunder”-ის ახალი თარგმანი, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი… წლევანდელი იანვრის ნომერში ანატოლ ფრანსი იყო, თებერვლისაში – ბოლო ნობელიანტის, პატრიკ მოდიანოს “დაკარგული ახალგაზრდობის კაფეში”.

კიდევ – მიშა ბახსოლიანი, გელა ჩქვანავა, კატო ჯავახიშვილი, ანა მატისი, გაგა ნახუცრიშვილი, ლია სტურუა, მარიამ ხუცურაული, თამრი ფხაკაძე, გურამ მეგრელიშვილი, ვაჟა ხორნაული, მარიამ წიკლაური, რუსუდან რუხაძის თითებჩასაკვნეტი “ჰაშთაგ რძისფერი ჰოია”, ბესო ხვედელიძის “ზღვის სუპი”, მაკა ლდოკონენის “ქრთილის ას რვა მარცვალი”… კიპლინგი, მოპასანი, ანდრეი ბელი, სერგეი დოვლატოვი, ქეთრინ მენსფილდი, აკი შიმაზაკი, მანანა დუმბაძე და მარინა პიკასო, ანა ახმატოვა, ამერიკული პოეზია, ქენეთ გრემის “ქარი ტირიფებში”, ვრცელი ინტერვიუ მარიო ვარგას ლიოსასთან და კიდევ იმდენი გემრიელობა, ერთი პოსტი მარტო ჩამოთვლას არ ეყოფა.

ჩარლზ ბუკოვსის “მაკულატურა” და ლუკა ბაქანიძის “მესამე ნაპირი“, სანამ წიგნად გამოსცემდნენ, აქ იბეჭდებოდა გაგრძელებებით. და ამ “გაგრძელება იქნება”-საც თავისი ეშხი აქვს.

ზაალ ჩხეიძეა “ლიტერატურული პალიტრის” მთავარი რედაქტორი და ესეც ერთი დიდი ამბავია. ზაალისა არც ბლოგი გამომიტოვებია სადმე, არც თარგმანი, არც ტელეინტერვიუ და მის ჟურნალს როგორ დავიკლებდი.

ერთი სიტყვით, თავადაც ხედავთ: არც აქტუალური თარგმანის ნაკლებობაა, არც სამამულო პროზისა და პოეზიისა, არც კლასიკა ავიწყდებათ და თანამედროვე ავტორებსაც სიამოვნებით ბეჭდავენ. მუდმივი რუბრიკებიც აქვთ, კონკურსებსაც მართავენ და მთავარი რედაქტორის სვეტის კითხვა ხომ ცალკე სიამოვნებაა. მოგებული, ცხადია, მკითხველი რჩება.

ჰოდა, სანამ ასე გააგრძელებენ, მოლი მათი ერთგული ხელმომწერი იქნება.

ეჭვი მაქვს, არა მხოლოდ მოლი.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ზაალ ჩხეიძე, ლიტერატურული დამატება, ლიტერატურული პალიტრა, ლიტერატურული პერიოდიკა, მედია, მოლის ბიბლიოთეკა, პერიოდიკა, პოეზია, პრესა, პროზა, პუბლიცისტიკა, ჟურნალები, ქართული თარგმანი, ქართული ჟურნალები, non fiction, Palitra Media
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...