ყველაზე კეთილი წიგნები

ამას წინათ ერთგან ვთქვი, ყველაზე კეთილი წიგნების სიის სათავეში აუცილებლად ეს რომანი უნდა იყოს-მეთქი.

ჩემთვის, რასაკვირველია, თორემ ამქვეყნად თუ რამე მძულს, სავალდებულო საკითხავი და მენტორული ტონით ჩამოწიკწიკებული სიებია – ყველაზე კარგი, ყველაზე ცუდი, ყველაზე რომანტიკული, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… ამიტომ ეს ჩამონათვალიც მხოლოდ რიგითი მკითხველის მოლი ბლუმის იმპრესიაა და მეტი არაფერი – წიგნები, რომლებმაც სულში სინათლე შემომიტანეს და დამიტოვეს. მე სიკეთის ჩემი საბადო მაქვს, სხვას თავისი ექნება და ასეც უნდა იყოს.

ჰოდა, დავიწყებ. დავიწყებ წიგნით, რომელმაც სულ პატარას საოცარი რაღაცები მასწავლა – ჰარპერ ლის შედევრით „ნუ მოკლავ ჯაფარას“. ატიკუსზე, ჯემსა და ჭყიტაზე სულ ახლახან მოგიყევით, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თუ ოდესმე ერთგულების, წესიერებისა და სიმამაცის არსებობაში ეჭვი შეგეპარებათ, ეს წიგნი გადაიკითხეთ – შველის.

სიკეთეზე საუბრისას ასტრიდ ლინდგრენი რომ არ დამავიწყდებოდა, ცხადია, მაგრამ მთელი მისი შემოქმედებიდან უპირობო ფავორიტი მაინც ერთი მყავს – “ჩვენც სალტკროკელები ვართ“. რამდენჯერაც უნდა გადაიკითხო, არ მოგწყინდება და რაც უნდა კარგი ოჯახი გყავდეს, მელკერივით დაბნეულ მამას, მალინივით მზრუნველ დას და ჩაკუპატებული ჩორვენივით ერთგულ მეგობარს მაინც ინატრებ გულის სიღრმეში.

ანე კატერინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ ადრეც გავიხსენე ბლოგზე და აქ როგორ გამომრჩებოდა – წიგნი, რომელიც მიგახვედრებს, როგორ უნდა უნდა იყოს ბედნიერი ერთოთახიან ციცქნა ბინაში შეყუჟული დიდი ოჯახი, სადაც ბავშვებს იატაკზე სძინავთ და ერთმანეთის გამონაცვალი ტანისამოსი აცვიათ.

ჯინ უებსტერის “გრძელფეხება მამილო“, მეოცე ასწლეულის დასაწყისის კონკიას ამბავი, დაგასევდიანებთ, გულს აგიჩუყებთ და ბოლოს სამყაროსთვის გაცილებით უკეთესი თვალით შეგახედებთ – არც ისე ცოტაა ერთი პატარა წიგნისთვის.

საკუთარ თავს ყურს ავუწევდი, გურამ პეტრიაშვილის “ატარა ქალაქის ზღაპრები“ რომ გამომრჩენოდა – სითბოსა და სიკეთის ულევი წყარო, წყარო კი არა, შადრევანი, დაუღლავად რომ ფანტავს აქეთ-იქით ნათელი სევდის შხეფებს.

დარწმუნებული ვარ, მრავალი თქვენგანი სულგანაბული ელოდება “პატარა პრინცის“ ხსენებას, იმიტომ რომ სადაც სიკეთეზე ჩამოვარდება სიტყვა, ეგზიუპერის ეს სევდიანი, მაგრამ საოცარი შუქით სავსე წიგნიც იქ უნდა იყოს…

დარდი და სიკეთე ვახსენე და იანუშ კორჩაკის დილოგია მეფე მათიუშზე თავისთავად ამოტივტივდა გონებაში; სხვისი რა გითხრათ, მაგრამ თუ ჩემს გულში რამემ კვალი დატოვა და ოდნავ, სულ ოდნავ უკეთეს ადამიანად მაქცია, ამაში პატარა მონარქსაც უდევს წილი.

ისეთ საგაზეც უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა, ცოტა მეშინია კიდეც, არავინ შემაჩვენოს, მაგრამ მომკალით და პოტერიადა, “ფილოსოფიური ქვით“ დაწყებული, “სიკვდილის საჩუქრებით“ დამთავრებული, სიკეთის, სიმამაცისა და ერთგულების ერთი გრძელი ამბავი მგონია; ჩემი მოკრძალებული აზრით, ასეა და ვინც არ დამიჯერებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს.

არ გაგეღიმოთ და ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის თუ გიყურებიათ? რევაზ ინანიშვილის მოთხრობებია ასეთი – სათითაოდ ციმციმებენ, კიაფობენ და კვალსაც ასეთს ტოვებენ – ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით ნათელს და სევდიანს…

თუ შეიძლება, „სინათლე გვირაბის ბოლოს“ წიგნს ეწოდოს, ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონია“ ასეთი. წაკითხული ყველას გექნებათ და არა მგონია, მე ავტორზე უკეთ მოვახერხო თქმა: “ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული; თქვენ – ჩემი, მე – სხვისი, სხვამ – სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…“

მარკ ტვენს უთქვამს ოდესღაც – სიკეთე ისეთი რამეა, ბრმაც რომ ხედავს და ყრუსაც რომ ესმისო.

ამ წიგნებს რომ წაიკითხავ, მოდი და ნუ დაეთანხმები.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ანე კატარინე ვესტლი, გრძელფეხება მამილო, მარადისობის კანონი, მეფე მათიუში, მოლის ბიბლიოთეკა, ნუ მოკლავ ჯაფარას, პატარა პრინცი, პატარა ქალაქის ზღაპრები, პოტერიადა, პროზა, რევაზ ინანიშვილი, საბავშვო ლიტერატურა, ქართული თარგმანი, ყველაზე კეთილი წიგნები, ჩვენც სალტკროკელები ვართ
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...