გადაფრენა “ოლდ ტრეფორდზე” და უკან


ლიბერალი
გამომცემლობა “არტანუჯი”

სამამულო გამომცემლობები, შემჩნეული გექნებათ, დროდადრო რომელიმე პოპულარული ჟურნალის არქივებს მიადგებიან, ბლოგებს გადაათვალიერებენ, საუკეთესოებს ამოარჩევენ და წიგნებად კრავენ.

საინტერესო ის არის, რომ ერთიმეორეზე უკეთესი კრებულები გამოსდით.

ჯერ მარტო ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი” რად ღირს (“ცხელ შოკოლადში” იბეჭდებოდა, თუ არ გახსოვთ; მთლად ბლოგიც არ ეთქმოდა, მაგრამ ასეც ნუ დავწვრილმანდებით). ზაზა ბურჭულაძის “კონფორმისტის ჩანაწერები” და “ნორმა” “ტაბულას” და “ანაბეჭდის” სვეტებია, დიანა ანფიმიადის ყოველგვარი გაგებით უგემრიელესი “პირადი კულინარიაც” “შოკოლადის” სამზარეულოდანაა.

მოკლედ, ამართლებს და არ მითხრათ ახლა, ერთხელ დაბეჭდილის ხელმეორედ გამოცემა რა წესიაო. კარადის სულ ზედა თაროზე შემოწყობილი ჟურნალების ხვნეშა-ხვნეშით ჩამოთრევა და ნომრებში ქექვა, რა თქმა უნდა, დიდად სასიამოვნო პროცესია, მაგრამ წიგნად აკინძულს სულ სხვა გემო აქვს.

ახლა – რატომ მოვუარე ასე შორიდან: ახალი კრებული გვაქვს, “ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს”.

გამომცემლობა ამჯერად “არტანუჯია“, ჟურნალი კი – ბლოგებითა და ბლოგერებით ცნობილი “ლიბერალი. წიგნში აკა მორჩილაძის (ან გიო ახვლედიანის, როგორც გენებოთ) 2010, 2011 და 2014 წლების საავტორო სვეტებია თავმოყრილი. თემა, ცხადია, ფეხბურთია, ხოლო აკას საფეხბურთო ტექსტებს, ცნობილი ამბავია, ისინიც კი სიამოვნებით კითხულობენ, ვისაც ფეხბურთი მაინცდამაინც არც უყვარს.

სულ ცინცხალი გამოცემაა. პარასკევს გამოჩნდა, მგონი, მაღაზიებში. შაბათს მივაკვლიე ერთგან და კვირას უკვე შემომადნა ხელში.

საუიქენდო საკითხავია. დილიდან რომ ჩაუჯდები და თან პრემიერლიგის მორიგ ტურს ელოდები.

ორმოცდაათამდე სვეტია (ზედმიწევნით ზუსტი თუ ვიქნები – ორმოცდაშვიდი), მზესუმზირასავით კნაწუნა. მიჰყვები, მიჰყვები და ისე გახვალ ბოლოში, ვერც გაიგებ.

არადა, ოთხი საფეხბურთო წელია ჩატეული და ორიც – მსოფლიო ჩემპიონატი.

ვინ თქვა, მოძველებული იქნება, აქტუალობადაკარგულიო? სამხრეთ აფრიკაში თასი ვინ მოიგო, ცხადია, გვახსოვს, მაგრამ ამ სვეტებს სტატისტიკისთვის არავინ კითხულობს. სტატისტიკისთვის ფიფას ოფიციალური ბიულეტენი არსებობს. აკას ბლოგები სხვა რამისთვის იწერება.

თემა ფეხბურთია-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ პირველი სვეტი რაგბიზეა. მოდი, ასე ვთქვათ – რაგბიზეც. “სალამი ქართველ მორაგბეებსო”, – ჰქვია და ისეთ ამბავს მოგვითხრობს, მხრებს რომ გაგაშლევინებს. მერე მიდის და მიჰყვება… მოუ და სოკრატესი, რუნი და კაპელო, ვუვუზელა და გარინჩას წესი, ქინქი და მესი, პრემიერლიგა და პრიმერა, ჩელსი და ბარსა, ბოქსინგ დეი და ლიგის ფინალი… რა უნდოდა რუუდ გულიტს გროზნოს “ტერეკში”, როგორ აჯობა ქორნერშოპის პატრონმა თურქმა აჰმეთამ ფაბიო კაპელოს, როგორ დააყენა მარადონამ ძირითადში სიზმარში ნანახი კაცი და მესი, რომელსაც “ჯერჯერობით მეტისმეტად მშვიდი სახე აქვს საიმისოდ, რომ მარადონაზე მაგარი იყოს”.

თან ფეხბურთზე ჰყვება, თან – არამხოლოდ.

ერთიც არის: ეს სვეტები, – ტექსტიდან ასე ჩანს, – ლონდონში იწერებოდა. იქაურ პაბებში, კლუბებში და სტადიონებზე. აკას რამდენიმე რომანი ვიცი იქ დაწერილი და ის რომანები განსაკუთრებით მეგემრიელება და საფეხბურთო ამბები რომ მთლად გადასარევი იქნება, თქმა რად უნდა.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, ნამდვილად არ არის ხელიდან გასაშვები წიგნი. ერთი ციცქნაა, ბევრ დროს არ წაგართმევთ, სიამოვნებით კი ნამდვილად გასიამოვნებთ. აკას თუნდაც ოთხი წლის წინანდელი ტექსტები გემრიელად დაწერილი ისტორიაა. ისტორია კი, მოგეხსენებათ, არ ძველდება.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აკა მორჩილაძე, ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს, ბლოგი, გამომცემლობა არტანუჯი, გიო ახვლედიანი, დოკუმენტური პროზა, ზვიად კვარაცხელია, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თეონა ჭანიშვილი, ლიბერალი, ლონდონი, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, რაგბი, საავტორო სვეტი, სპორტი, ფეხბურთი, non fiction
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...