“შემოხაზე ცხრა – შეიძინე ძმა”, შორტი და სხვა ამბები

პოლიტიკური პოსტები არ მიყვარს.

ახლა ისე ნუ გამიგებთ, პოლიტიკა არ მაინტერესებდეს. უბრალოდ, სხვა რაღაცებზე წერა მირჩევნია.

მეოთხე წელია, მოლის ბლოგი მკითხველებს მასპინძლობს და მეოთხე წელია, ველოდები, როდის მომწერს მავანი აჟიტირებული ვიზიტორი – რა გააწყალე გული ამ წიგნებით, რა დროს კარლსონი და ჩიპოლინოა, ქვეყანა გვენგრევა თავზეო.

ამას წინათ მაშო სამადაშვილის ამ გადასარევ

ვიდეომიმართვას მოვუსმინე და დავმშვიდდი – აშკარად არც ისე ძალიან ვცდები, პოლიტიკური ქარიშხლების დროსაც წიგნებზე რომ გიყვებით; თანამოაზრეები მყოლია და თანაც, ფრიად ანგარიშგასაწევი.

თუმცა წესს რომ გამონაკლისი ადასტურებს, გეცოდინებათ. ახლა ყველგან პოსტსაარჩევნო თუხთუხია და მოდი, მეც დავწერ ერთ აპოლიტიკურ პოლიტიკურ პოსტს.

ოფიციალურ სტატისტიკას, ანალიტიკას, ცხელ-ცხელ რევიუებს საინფორმაციო პორტალები, სააგენტოები, ოფიციალური ფეისბუქ-ფეიჯები და Upper class პოლიტსელებრითები არ მოგაკლებენ. მე სხვა ამბებზე მოვყვები.

ქართული არჩევნები, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გვექცა რუტინად. ქართული არჩევნები დრამაა, ტრაგიკული ელემენტებით, შიგადაშიგ ტრაგიკომედიაში რომ გადადის და ნამდვილ ფარსს ემსგავსება.

სასაცილო რა უნდა იყოს არჩევნებშიო, თუ გაიკვირვებთ, აგერ, ბატონო, ერთგან შორტიან ამომრჩეველს არ მიაცემინეს ხმა, წადი, გამოიცვალე და მოდიო, მეორეგან ძაღლი ძლივს გაიყვანეს საარჩევნო უბნიდან, ვიღაცები პარლამენტს ირჩევდნენ დღეს, ვიღაცები – პრეზიდენტს… სასაცილოც არის და სატირალიც.

ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების (რიგით მეცხრეს, თუ არაფერი მეშლება) საარჩევნო პოსტერები მოიძიეთ… ნახევარი ფეისბუქი იმას ამტკიცებდა, ფოტოშოპია ეგო, ასეთ სურათებს სრულ გონზე არავინ დადებდაო… კაცმა არ იცის, იქნებ მართლაც ფეიკი იყო, ან ცხრიანის პიარტექნოლოგებმა ეშმაკური სვლა მოიფიქრეს – ეგებ ასე მაინც დავამახსოვროთ ხალხს თავი, ყველას ნორმალური სურათები ექნება და ჩვენ განსხვავებულები გამოვჩნდებითო – რას არ იზამს კაცი პოპულარობის გამო.

ან სლოგანები… “აბა, თქვენ იცით, თბილისელებო”-ს ავტორი, ახალგაზრდობაში, სავარაუდოდ, “А ну-ка, девушки”-ს უყურებდა, “კომუნისტს” და “სოფლის ცხოვრებას” კითხულობდა და იქედან გამოყოლილი პათოსია…

ან მეორე – ლექსად ამოთქმული – ” შემოხაზე ცხრა – შეიძინე ძმა”. პოლიტიკური მესიჯიც იყო და დემოგრაფიულ პრობლემასაც აგვარებდა.

ამათ ფონზე სლოგანი-ამინდის პროგნოზი – “თბილისო, შენთვის გამოიდარებს” – ლამის პიარ–ტექნოლოგიების კლასიკად და ეტალონად ჩაითვალა. თან წვიმიან ზაფხულში სხვანაირად აქტუალური იყო – ესეც ვაღიაროთ.

ისე, არ იქნებოდა ურიგო, (რაღა დროსია, მაგრამ მაინც) კანდიდატებისთვის გვეკითხა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი შორიდან მაინც თუ ჰქონდათ ნანახი, ან კონსტიტუცია ბოლოს როდის გადაიკითხეს.

მოკლედ, ძალიან რომ არ დავსერიოზულდეთ, ერთ ამბავს მოგიყვებით. საუკუნის წინ მოვისმინე და აღარც მახსოვს, ვინ მოყვა და სად, მაგრამ გემრიელად კი მაცინა.

ერთ შუააზიურ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა. კანდიდატი იყო ორი – მოქმედი პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერი. ჰოდა, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნიდან ახალგამოსულ, ლოტოს კოჭივით ჩამრგვალებულ ოპოზიციონერ კანდიდატს იქაურმა ტელეჟურნალისტმა ჯიქურ აჯახა ჩამჭრელი კითხვა – “За кого вы проголосовали”-ო.

ხომ მამალი სისულელეა, პრეზიდენტობის მოქმედ კანდიდატს რომ ეკითხები, ხმა ვის მიეციო, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით არის სისულელე და იმ ჟურნალისტმაც ძალიან კარგად იცოდა, სად ცხოვრობდა და ვის ეკითხებოდა, იმიტომ, რომ ყურებამდე გაკრეჭილმა ოპოზიციის ლიდერმა ისე უპასუხა, თვალიც არ დაუხამხამებია:

- Конечно, за господина президента.

ჩვენ კიდევ სლოგანებს ვიწუნებთ…


Filed under: მოქალაქე ბლუმი Tagged: ამომრჩეველი, არჩევნები, მოქალაქე ბლუმი, პოლიტიკა, პოლიტიკოსები, სააგიტაციო პლაკატი, საარჩევნო სლოგანი, საარჩევნო უბანი, წინასაარჩევნო კამპანია
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...