გაუჩინარებული ქალი


Gillian Flynn. “Gone girl”

სიმართლე გითხრათ, ამ წიგნის კითხვას რომ ვიწყებდი, ბევრს არაფერს ველოდი; ჯილიან ფლინის სახელი იქამდე არც კი გამეგონა, მითუმეტეს, წაკითხული არაფერი მქონია და ინტერნეტსივრცეში “გაუჩინარებული ქალის“ ირგვლივ გაჩაღებულმა აქტიურმა განხილვამ უფრო მიბიძგა. ბანალური თრილერი მეგონა, დროდადრო ნერვების მოსაღუტუნებლად რომ არის საჭირო; თან ავად ვიყავი და, ჩემი ჭკუით, მსუბუქ საკითხავს წავეტანე.

წავეტანე და ჩამივარდა კოვზი ნაცარში.

არ გამოდგა ისეთი წიგნი, იოლად რომ გადაურბენ თვალით, მოსალოდნელ ფინალს სადღაც შუა გზაზე გამოიცნობ, მერე საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით კმაყოფილი, გვერდზე გადადებ და დაივიწყებ.

არა, რაღაცებს მივხვდი, კი. თუმცა ავტორის ჩანაფიქრის ბოლომდე გამოცნობა რთული აღმოჩნდა, რთული კი არა და, ჩემთვის შეუძლებელი; ვისაც გამოუვა, ჩემი მხურვალე აპლოდისმენტები :)

დასაწყისი, ერთი შეხედვით, მარტივია და არც დიდი ორიგინალობით გამოირჩევა – ქორწინებიდან ზუსტად ხუთი წლის თავზე ქალი საკუთარი სახლიდან უკვალოდ ქრება და იწყება ჩვეული ორომტრიალი – კვალზე დამდგარი პოლიცია, შოკირებული და დაბნეული ახლობლები, ყოველ მოსახვევში ჩასაფრებული ჟურნალისტები…

წყვილის მიერ ამ საბედისწერო დღემდე განვლილ გზას ცოლის დღიურებისა და ქმრის მოგონენების წყალობით, მკითხველიც ნაბიჯ-ნაბიჯ გადის; დეტალებს იმახსოვრებს, წინააღმდეგობებსაც ამჩნევს, ნაირ-ნაირ ვერსიებსაც ამუშავებს გონებაში და… ბოლოს მაინც გაოგნებული რჩება.

თუმცა, მე თუ მკითხავთ, აქ მთავარი სიურპრიზი ფინალი არ არის. სხვა რამემ უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა და არ ვიცი, ბლოგის ის სტუმრები თუ დამეთანხმებიან, ვინც უკვე მოასწრო ამ ემოციური ფეიერვერკის საკუთარ თავზე გამოცდა.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, კონტრასტული შხაპივით არის ეს წიგნი – იმპრესიები სულ სხვადასხვანაირი და მოულოდნელია; მაგრამ ყველაზე მეტად პატარ-პატარა ფსიქოლოგიური ლაბირინთები მომეწონა – სადღაც დაგხვდება, რომ არ გგონია, ისე და მიდიხარ მერე ხელის ცეცებით, მიიკვლევ გზას და ხანდახან რომ გეჩვენება – არიადნეს ძაფს წავატანე ხელიო, უფრო იბურდება ის გორგალი, ვითომ მზის სინათლეზე რომ უნდა გამოგიყვანოს.

თუმცა, ზემოთ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დეტექტიური ხაზი, ერთი შეხედვით, ძირითადი რომ გგონია, უბრალოდ ფონია, მიზანსცენაა ბევრი ძალიან მტკივნეული საკითხისთვის, ადამიანური ურთიერთობების მრავალი წახნაგისთვის – წარსულიდან შემორჩენილი კომპლექსები, ზედმეტად გაშალაშინებული და დავარცხნილი მშობლები ან პირიქით; სიყვარული, სიცრუე, ღალატი, ტკივილი, იმედგაცრუება… ეს უკანასკნელი ყველაზე საშიში რამ მგონია მაინც – ჯერ აპათია გეუფლება და მერე ისეთი ვულკანი შეიძლება, ამოიფრქვეს, მტრისას…

ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ეს არის წიგნი-დუელი – ორი ხასიათის და ორი გონების დაპირისპირება; არც ერთი მათგანი არ არის მთლიანად თეთრი ან მთლიანად შავი – წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტისმეტად მოსაწყენი და შაბლონური იქნებოდა სიუჟეტი. ახლა კი, ყველაფერი რომ დავაბრალოთ, დინამიკის და ემოციების ნაკლებობას ჯილიან ფლინის “გაუჩინარებული ქალი“ ნამდვილად არ უჩივის.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბენ აფლეკი, გაუჩინარებული ქალი, დევიდ ფინჩერი, დეტექტივი, დრამა, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ელექტრონული წიგნები, თრილერი, კინო, მისტიკა, მოლის ბიბლიოთეკა, პროზა, ჟანრული პროზა, როზამუნდ პაიკი, ჯილიან ფლინი, Gone girl
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...