ოჩოპინტრე – გამომცემლობა ზღაპრიდან


ჩემი ოჩობუქები :)

დღეს ერთ ზღაპრულ გამომცემლობაზე უნდა მოგიყვეთ.

ჰო, ნამდვილად ზღაპრულია, იმიტომ რომ სხვებს არაფრით ჰგავს :)

jჯერ ერთი, მხოლოდ ვებ-სივრცეში არსებობს, ფრიად სიმპათიური ვებგვერდი აქვს და მკითხველებს ფეისბუქით ეკონტაქტება.

მეორე – ჭეშმარიტად ზღაპრული სახელი ჰქვია: – “ოჩო”, “ოჩოპინტრე”.

და ყველაზე საინტერესო – ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი წიგნი აქვს გამოცემული.

ბევრ გამომცემლობაზე გეთქმით, თვალ-ყურს პირველივე დღიდან ვადევნებო? ჰოდა, მეც მანდ ვარ! რა სჯობია იმას, საინტერესო პროექტი შენ თვალწინ რომ იდგამს ფეხს, შენ კი გულისფანცქალით აკვირდები და ქომაგობ.

მოკლედ, დღეს “ოჩოპინტრეზე” გიყვებით. “ოჩოზე” და “პინტრეზე”. ყველაზე ზღაპრულ ქართულ გამომცემლობაზე.

ახლა აღარ მახსოვს, ჯერ წიგნებს გადავაწყდი რომელიღაც მაღაზიის თაროზე და მერე – სტუმართმოყვარე გვერდს ფეისბუქზე თუ პირიქით. ან რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ “ოჩოს” წიგნებს გულგრილად ვერ ჩაუვლი. აუცილებლად გაგექცევა თვალი, უნებურად წაეტანები და გადაათვალიერებ – ეს რა საყვარლობა დაუბეჭდავთო.

პოკეტბუქები როგორ მიყვარს, კი გეცოდინებათ. კოხტაა და კომფორტული. ოღონდ, ერთი ნაკლი აქვს – თუ კარგად არ არის აკინძული, შეიძლება ხელებში ჩაგეფშვნას. ჰოდა, ამ ჩვენი “ოჩოს” წიგნებს რომ ვუყურებ, სურვილი მიჩნდება, სხვებმა მისგან ისწავლონ “პოკეტბუქური ტექნოლოგია” – ისე გემრიელადაა გამოცემული, მხოლოდ ხელის შევლებითაც ისიამოვნებ.

რაც შეეხება შინაარსს… შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ოჩო” და “პინტრე” მკითხველს თავიანთ საყვარელ წიგნებს სთავაზობენ. რა გითხრათ, აბა – გამომცემლობა რომ მქონოდა, თავიდან მეც ასე მოვიქცეოდი :)

დოსტოევსკისა იმდენი რამ არის თარგმნილი ქართულად, ერთ თავმოყვარე ოცტომეულს ეყოფოდა, მაგრამ “იატაკქვეშეთის ჩანაწერები” არსად შემხვედრია. ჰოდა, “ოჩოს” უთარგმნია აგერ. ვგონებ, პირველი წიგნი უნდა იყოს და ამაზე ღირსეული სტარტი რაღა გინდათ :)

სამაგიეროდ, “დიდი გეტსბი” მოიპოვება ორ ვარიანტად. მეორე “პალიტრასია”. თქვენი არ ვიცი, მე კი მიყვარს, ერთი რომანის რამდენიმე თარგმანი რომ მიდევს თაროზე – შედარება შეიძლება, დეტალებით ტკბობა, მხატვრულ ხერხებზე დაკვირვება…

“ოჩოს” მესამე წიგნს დიდი წარდგენა არ უნდა სჭირდებოდეს – გენერალ მაზნიაშვილის მოგონებებია. მისწრებაა ისტორიის და non fiction-ის მოყვარულთათვის და, როგორც ვხვდები, პირველად დაიბეჭდა. ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურის მემუარების გამოცემა დღემდე არც ერთ გამომცემლობას არ მოსვლია აზრად – ყოჩაღ, “ოჩო”!

მეოთხემ აგვისტოში ჩამოაღწია თბილისამდე, თქვენ მაშინ ზღვაზე იქნებოდით და, ვინ იცით, არც კი შეგიმჩნევიათ. ანატოლ ფრანსის “ანგელოზთა აჯანყება“, კლასიკა და კლასიკის საკადრისად თარგმნილ-გამოცემული.

მეხუთე სულ ახალია, ამ უიქენდზე ვიგდე ხელთ. კაფკას “პროცესია“, ფრიად ორიგინალური ქავერით და, საერთოდ, ოჩოს თან სატარებელ წიგნებს (ასე ეძახიან აქ პოკეტბუქებს) ათასიდან გამოარჩევ. სხვანაირია. მკითხველამდე სხვა სიყვარულით მოტანილი.

კიდევ რას აპირებენ, ოჩოს და პინტრეს ჰკითხეთ. მკითხველთან ურთიერთობა არ ეზარებათ და ამას ბარე ორ სახელმოხვეჭილ და ასწლოვანი ისტორიის მქონე გამომცემლობაზე უკეთ ახერხებენ.

დაბადების დღის მილოცვა არ დაგავიწყდეთ, ოღონდ. პირველ ნოემბერს ორი წლისანი ხდებიან და არა მგონია, მკითხველების მილოცვაზე მეტად რამემ გაახაროთ.

ჰო, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც. ზღაპრული ფასი ადევს ამ “ოჩოს” წიგნებს. ჯერ ხომ ისედაც არ ღირს ძვირი და შანსს არ უშვებენ, კიდევ რომ არ დააკლონ. ფესტივალი იქნება, გამოფენა თუ რაიმე აქცია, “ოჩოს” ყოველთვის მსუყე დისქაუნთი აქვს.

მოკლედ, არ არის დასაკარგავი კაცი ეს “ოჩოპინტრე”, დაწყებით მშვენივრად დაიწყო და დანარჩენზე, ერთ თაროს რომ გავავსებ წიგნებით, მერე ვილაპარაკოთ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ანატოლ ფრანსი, ანგელოზთა აჯანყება, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, დიდი გეტსბი, იატაკქვეშეთის ჩანაწერები, მოლის ბიბლიოთეკა, ოჩოპინტრე, პალიტრა L, პროზა, პროცესი, ფიოდორ დოსტოევსკი, ფრანც კაფკა, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ქართული თარგმანი, Facebook, non fiction, ochobooks, ochobooks.ge
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...