ასტრიდ ანა ემილია


ასტრიდ ლინდგრენი ქართულად.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
დიოგენე

მას შემდეგ, რაც მოლის ხმაურიან და სტუმართმოყვარე ბლოგზე სულ პირველი პოსტი დაიწერა, ამ ქალბატონს სიყვარული საჯაროდ ერთხელაც ავუხსენი და ორჯერაც, მაგრამ რომ არ მყოფნის?! თანაც აგერ ახლა, ორიოდე დღეში, იუბილარია – 107 წელი უსრულდება და რა გული გამიძლებს, რამდენიმე სიტყვა კიდევ რომ არ ვთქვა.

დავფიქრდი და – აქამდე სულ მის პერსონაჟებზე გექაქანებოდით, ისე რომ შემაყვარეს თავი, ბავშვობაში კი არა, მოწიფულ ასაკშიც ვერ ვანებებ თავს… იმ ემოციებზე გიამბობდით, მისი წიგნების ფურცვლა რომ მგვრიდა, თავად ავტორზე კი ბევრი არაფერი მითქვამს. თქმას ვინ ჩივის, ჩემდა სამარცხვინოდ, რაღაც-რაღაცები არც კი მცოდნია.

არა, სამი სახელი რომ ერქვა, მახსოვდა – ასტრიდ ანა ემილია; თქვენ წარმოიდგინეთ, ქალიშვილობის გვარიც ვიცოდი – ერიკსონი; კიდევ – სხვა რამეებიც, მაგრამ საკმარისად მაინც არ მცნობია ქალი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ლამის ოცდაათი წლის წინ შემოაბიჯა წითურ, ჭორფლიან და კიკინებაპრეხილ გოგოსთან ერთად. შემოაბიჯა და წასვლაზე აღარც უფიქრია, პირიქით – შემორეკა და შემორეკა თავისი საოცარი გმირები: ვაზასტანელი მოჩვენება თუ უშიშარი მაძებარი კალე ბლუმკვისტი, ყაჩაღის ასული რონია თუ ძმები ლომგულები, მაწანწალა რასმუსი თუ ჩაკუპატებული ჩორვენი… გამაჩერეთ, თორემ ჩამოთვლას დილამდე ვერ დავასრულებ, არადა, ამ პერსონაჟებს ჩემზე ნაკლებად არც თქვენ იცნობთ და ალბათ იმასაც მიხვდით, ღიმილის ორდენის კავალერზე – ასტრიდ ლინდგრენზე რომ ვლაპარაკობ.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იცოდით, ეს ჩვენი ასტრიდი ბავშვობიდანვე მოურჯულებელი მეამბოხე რომ ყოფილა? მე – არა. ის არ იკმარა, თექვსმეტი წლისამ თმა ბიჭი­ვით რომ დაიმოკლა და ისე გამოეცხადა მკაცრ, მორჩილებას მიჩვეულ მამას; მერე ადგილობრივ გაზეთში მოეწყო კორექტორად, ხოლო სულ რამდენიმე თვეში, როცა დარწმუნდა, რომ ორსულად იყო, დაჰკრა ფეხი და ბედის საძიებლად სტოკჰოლმს მიაშურა, თუმცა ჯიბეში გახვრეტილი გროშიც არ ეგდო.

დაბინავდა დედაქალაქში და ბიჭუნაც გააჩინა – ლანსი; გააჩინა 1926 წელს, კონსერვატიულ შვედეთში და სხვა რა გზა ჰქონდა, დანიაში მცხოვრებ წყვილს მიაშვილა. ვინ იცის, რა ხდებოდა იმ დროს მის გულში… დაბრუნდა ისევ სტოკჰოლმში და სამეფო საავტომობილო კლუბში დაიწყო მუშაობა. სწორედ იქ დაადგა თვალი შეფმა – სტურე ლინდგრენმა. რას იფიქრებდა, რომ ეს პატარა გოგო მის გვარს მსოფლიოში გაუთქვამდა სახელს.

სწორედ ამ ქორწინების შედეგად დაიბადა პატარა კარინი, რომელმაც ერთხელ, ფეხმოტეხილ დედას მორიგი ფინჯანი ჩაი ხვნეშით რომ მიუტანა საწოლთან, სთხოვა: ისეთი ზღაპარი მიამბე, ჯერ რომ არავის წაუკითხავსო.

ასტრიდმა რომელიღაც სქელტანიანი წიგნი განზე გადადო, ცოტა ხანს იფიქრა და… პეპი გრძელიწინდას ამბავი წამოიწყო.

ეს იყო პირველი ნაბიჯი მილიონობით მკითხველის გულებისა და ღიმილის ორდენისკენ მიმავალ გზაზე; გზაზე, რომელიც 2002 წლის იანვარში დასრულდა, სახლში, სადაც ახლა მწერლის მუზეუმია.

„ადამიანებს არასოდეს ჰყოფნით სიყვარული. კარგი წიგნი ამ დანაკლისს უნდა ავსებდეს“, – ამბობდა ასტრიდი და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში სწორედ ამას აკეთებდა დაუღალავად და დაუყვედრებლად.

მე თუ მკითხავთ, გამოსდიოდა, თანაც როგორ…


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ასტრიდ ანა ემილია ერიკსონი, ასტრიდ ლინდგრენი, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე, ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო სერია, კარინი, ლანსი, მოლის ბიბლიოთეკა, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, პროზა, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო კლასიკა, საბავშვო ლიტერატურა, სტოკჰოლმი, სტურე ლინდგრენი, ქართული თარგმანი
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...