თბილისის წიგნის ოთხი დღე


Tbilisi Book days 2014

მაისში, წიგნის ფესტივალზე, გემახსოვრებათ, ხმა გავრცელდა: რაღაც ამდაგვარი წლის ბოლოსაც ჩატარდებაო, ოღონდ კონკრეტული არავის არაფერი დასცდენია. ჰოდა, ისე გამოვიდა, თბილისის წიგნის დღეები ბიბლიოფილებს ღრმად სასიამოვნო სიურპრიზად დაატყდა თავს.

ყოველი შემთხვევისათვის, ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო და შემოდგომის ბოლო უიქენდის გეგმების გადაწყობაც ფორს-მაჟორულ რეჟიმში მომიხდა.

წიგნის ფესტივალი ღმერთმა ოთხდღიანი შექმნა – არ იჩქარო, ოთხივე გამოიყენეო. ჩემს სამსახურს ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რატომღაც, განსხვავებული მოსაზრება აქვს და ხუთშაბათ-პარასკევს “ექსპოს” სტუმართმოყვარე პავილიონებში ატეხილ თუხთუხს და რიარიას შორიდან ვადევნებდი თვალს, გაავებული და გაბოროტებული. არა, წიგნები კი მომიცუხცუხეს კეთილმა ადამიანებმა, მაგრამ სხვა რომ გაგეგზავნება ერთია და შენ რომ დაბოდიალობ სტელაჟებს შორის – მეორე…

ვეჭვობ, მარტო მე კი არა, ორგანიზატორებიც ღრმა ცაიტნოტში აგვარებდნენ ტექნიკურ საკითხებს, თუმცა ღონისძიების მთავარ ფბ-გვერდზე საგანგებო კატალოგების გამოფენა მაინც მოახერხეს. იდეალური რა არის ამქვეყნად, ეს ყოფილიყო, საფესტივალო რუქის შედგენაში კი ძალიან დამეხმარა.

კიდევ ერთ სიახლეს – ერთლარიან ბილეთს დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევდა ფბ-საზოგადოება. არადა, მე თუ მკითხავთ, ყველაფერი მარტივზე მარტივია: თუ ჩემი ერთი ლარი საგამომცემლო საქმეს, კერძოდ კი საფესტივალო აქტივობის უკეთ წარმართვას წაადგება, ამით მე, რიგითი მკითხველი მოლი, მხოლოდ მოვიგებ. დანარჩენი ლირიკაა.

წიგნის დღეები კი გამოდგა წიგნმრავალი, მაგრამ უშუალოდ საფესტივალო სიახლე, სიმართლე გითხრათ, ბევრი არ შემხვედრია. უფრო ფასდაკლებაზე და “წინასაახალწლო ფასთაცვენაზე” იყო ორიენტირებული. გადასარევი დისქაუნთით გაანებივრა მკითხველი “დიოგენემ“, გემრიელი ფასები ჰქონდა “ოჩოპინტრეს” (შანსს არ უშვებენ ხელიდან-მეთქი, ხომ გიყვებოდით), “ინტელექტს“, “პალიტრას“, ქარჩხაძის გამომცემლობას, “პარნასს“… ტრადიციული ოცდახუთპროცენტიანი სეილი – “სულაკაურს“. DK-ს ფანტასტიკური “მუსიკა – ილუსტრირებული ისტორია“, მაგალითად, თხუთმეტლარიანი ფასდაკლებით ვიგდე ხელთ და ამ თხუთმეტ ლარად სამი სხვა წიგნი მერგო.

სიახლე მეცოტავა-მეთქი, კი გითხარით, მაგრამ მთლად ხელცარიელიც არ წამოვსულვარ. “მუსიკას” (წლის უდავოდ საუკეთესო შემეცნებით ალბომს) სალი გრინის “ნახევრად ცუდი” და ენ მარტინის უსაყვარლესი “ჩემს დასთან ცხოვრების 10 წესიც“მივუმატე, გიორგი მაისურაძის თავის დროზე გაჩუქებული ორი წიგნიც დავიბრუნე კოლექციაში, “დიოგენეს” “ვეფხისტყაოსნის” განმარტებები და სქელ-სქელი “რეკლამა და პრომოციაც” წამოვაცუნცულე, “ლოგოს პრესის” სტენდიდან ახლახანს თარგმნილი ჭადრაკის სახელმძღვანელო წამოვაყოლე ხელს, “აგორასთან” დიუმას ზღაპრებს გადავაწყდი, “დილას საყმაწვილო ბიბლიოთეკის რამდენიმე ტომი შევარჩიე… მოკლედ, უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ.

ბიბლიოღრეობის პარალელურად რამდენიმე ძალიან საინტერესო გამოფენაც დავათვალიერე და კიდევ ერთხელ დამწყდა გული ორ დაკარგულ დღეზე.

სხვა რა გითხრათ… ექსპოს მეთერთმეტე პავილიონში ისევ ცხელოდა (როგორც ჩანს, კარმაა ასეთი და ვერაფერს გავაწყობთ), კონსულტანტები ისევ ცდილობდნენ გაღიმებას (ხან გამოსდიოდათ, ხან – არა) და ისევ უღმერთოდ იღლებოდნენ, ბავშვების სიმრავლე იგრძნობოდა, და, მგონი, ღირს საბავშვო წიგნის საახალწლო ფესტივალზე დაფიქრება…

და, ბოლოს, კიდევ ერთი სიახლე. ამბობენ, წლის მთავარი ღონისძიება დეკემბერში გველოდება, ნამდვილი საახალწლო ბიბლიოზეიმი “თბილისი მოლში” ჩატარდებაო. სულ მინდოდა, თემატური პოსტი დამეწერა სათაურით “მოლი მოლში” და, მგონი, წელს მოვახერხებ :)


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აგორა, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა "ინტელექტი", გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დიოგენე, ექსპო ჯორჯია, თბილისის წიგნის დღეები, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ლოგოს პრესი, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ოჩოპინტრე, პალიტრა L, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...