კინგია და იმიტომ


მისტერ მერსედესი ჯოილენდი
დიოგენე“, 2014

ამ წიგნს მოუთმენლად ველოდი.

როგორც წესი, ახალ თარგმანებს ჯერ რუსულად ვკითხულობ ხოლმე – თუ მაინტერესებს, ვერ ვითმენ და რა ვქნა. თუმცა ამჯერად ტრადიცია დაირღვა და სტივენ კინგის “მისტერ მერსედესი“ თავიდანვე ქართულად ვიგდე ხელთ – “დიოგენედან“ წამოვაცუნცულე ცინცხალი თარგმანი.

ავტორისადმი ჩემი დამოკიდებულება საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მითუმეტეს, ვისაც ძველი პოსტი აქვს წაკითხული; ამიტომ არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ მყიდველთა პირველ რიგებში ვიდექი, მაგრამ, ზაფხულიდან მოყოლებული, რეჟიმი მქონდა ისეთი, წასაკითხად აქამდე ვერ მოვიცალე.

სამაგიეროდ, შაბათ-კვირა დავგეგმე ჩინებულად – მოვკალათდი სავარძელში, გავეხვიე პლედში, მოვიდგი ყავის უზარმაზარი ფინჯანი და დავიწყე.

ახლა, რომ გითხრათ, სანამ ბოლოში არ გავედი, ხელიდან არ გამიგდია-მეთქი, არ ვიქნები მართალი; თუმცა, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ შედევრი არ არის – უბრალოდ, კარგი წიგნია.

როგორც მოსალოდნელი იყო, აქაც ფსიქოლოგიური ლაბირინთია და ყველაფერი იმ უბედურებიდან იწყება, სამუშაოს მომლოდინეთა გრძელ რიგში უეცრად შეჭრილი ნაცრისფერი მერსედესი რომ დაატრიალებს.

თხრობა პარალელურია და ერთი და იგივე ამბავს პოლიციელი და მანიაკი მკვლელი გვიამბობენ; შესაძლოა, დეტექტიური თავსატეხების მოყვარულებს ამან ცოტა იმედი გაუცრუოს, მაგრამ თუ თქვენი მასპინძლის ლიტერატურულ გემოვნებას ენდობით, აქ ნამდვილად ასე სჯობს, იმიტომ, რომ მთელი მარილი ზუსტად ამაშია, ამ პარალელურ სიუჟეტში, დეტალურად, მთელი მონდომებით შექმნილ ხასიათებში, მინოტავრისა და თეზევსის შეხვედრის მოლოდინში…

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მთლად ჩვეულებრივი კინგი არ გახლავთ – მისტიკისა და საშინელებათა თაყვანისმცემლები, ცოტა არ იყოს, უკმაყოფილონი დარჩებიან, სამაგიეროდ, ადამიანის გონების ბნელ წიაღში ხეტიალის მსურველებს ნამდვილად მოეწონებათ.

ცალ მხარეს ბილ ჰოჯიზია, მეორე მხარეს კი – მისტერ მერსედესი, მანიაკი და მკვლელი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, დუელში ყოფილი პოლიციელი გამოიწვიოს.

რით დამთავრდება ეს დუელი და რომელი გმირი დატოვებს ბარიერს საკუთარი ფეხით – ამას თავად ნახავთ. პროგნოზების იმედად ყოფნა, როცა საქმე ღრმად პატივცემულ სტივენს ეხება, ცოტა რთული საქმე გახლავთ.

მაშინაც კი, როცა ეს მთლად მისეული შედევრი არ არის.

მაშინაც, როცა ამბავი ოდნავ გადატვირთული და გაწელილი გეჩვენება – მაინც ისეთია, სანამ არ დაამთავრებ, გვერდზე არ გაგახედებს.

უსამართლობა იქნება, მუდმივად სრულყოფილებას ველოდეთ ერთი ავტორისგან.

თუნდაც „საშინელებათა მეფისგან“

თუნდაც სტივენ კინგისგან.

ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი წიგნია, რომელიც სხვა კარგ წიგნებზე ადრე უნდა წაიკითხო, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ კინგია.

და ამ ჟანრში ერთი ნაბიჯით მაინც სხვებზე წინაა.

კინგია და იმიტომ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბილ ჰოჯიზი, დეტექტივი, დიოგენე, თეზევსი, მანიაკი მკვლელი, მინოტავრი, მისტერ მერსედესი, მისტიკა, მოლის ბიბლიოთეკა, პოლიციელი, პროზა, ჟანრული პროზა, საშინელებათა ჟანრი, სტივენ კინგი, ფსიქოლოგიური თრილერი, ქართული თარგმანი, Horror
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...