დაბეგვილი “სნიკერსი”

სათაურმა თუ გაგაკვირვათ და ეს დაბეგვილი სნიკერსი რაღა ჯანდაბააო, იფიქრეთ, ნუ აჩქარდებით – პოსტის ბოლოს ყველაფერს აგიხსნით.

მანამდე შოკოლადზე ვილაპარაკოთ.

ერთხელ უკვე დავწერე შოკოლადზე, მაგრამ, უკბილო ხუმრობისა არ იყოს, ჩემი ბლოგია და მოტოციკლს იქ დავკიდებ, სადაც მინდა. თემის გამეორება არავის აუკრძალავს.

ესეც არ იყოს, შოკოლადია, სამარხვო წვნიანი ხომ არა – ნამდვილად იმსახურებს მეორე პოსტს.

კოლეგა ბლოგერს ეწერა ერთგან, შოკოლადი იმასაც კი უყვარს, ვისაც ჰგონია, რომ არ უყვარსო.

მე ასეთ ფილოსოფიურ სიღრმეებს ვერ ვწვდები. სამაგიეროდ, მგონია კი არა, ზუსტად ვიცი, რომ შოკოლადი ღრმა ბავშვობიდან მიყვარს.

ჯერ კიდევ იმ დროიდან, მამას მოსკოვიდან და ლენინგრადიდან რომ ჩამოჰქონდა და საბავშვო ბაღში ჯიბეებგამოტენილი დავდიოდი – სხვებისთვისაც ხომ უნდა მეწილადებინა. სკოლაშიც რომ მატანდა ბებია თითო ფილას – გონებას ხსნისო. წიგნი დამრჩენია შინ, რვეული, ჩანთაც კი. შოკოლადი – არასოდეს.

საჭადრაკო ტურნირების დროს ხომ გამოწერილი მქონდა შოკოლადის დიეტა – სავალდებულო წესით მაჭმევდნენ დილაობით ფინჯან ყავასთან ერთად: ტონუსიო, ესაო, ისაო… ტონუსისა რა მოგახსენოთ, ყავა კი შოკოლადთან ერთად სამუდამოდ შემაყვარეს.

ჩვეულებრივ დღეებში მირთმეულ შოკოლადზე არაფერს ვამბობ – კილოგრამობით მიგროვდება. შავი, თეთრი, ხრაშუნა, რძიანი, თხილიანი, ლიქიორით, კონიაკით, ტკბილი, მწარე და ვინ მოთვლის, როგორი აღარ.

უცნაური ის არის, რომ შოკოლადის ნაყინის მიმართ ყოველთვის გულგრილი ვიყავი და არც ახლა მიყვარს. ვანილისარომატიანი მირჩევნია. აი, შოკოლადის ტორტი… ბელას კი არა, ლიას ტორტი. დედაჩემის საფირმო ტორტი… არა, ამის მოყოლას აზრი არ აქვს, ეს უნდა ნახოთ. და ჩასუსნოთ. ორი ნაჭერი. ან სამი. ოთხი უკეთესია.

შოკოლადს ჩემს გასტუდენტებაშიც უდევს წილი. მისაღებ გამოცდებს მე და “სნიკერსი” ერთად ვაბარებდით. ოთხი გამოცდა – ოთხი ბატონი. როგორც რეკლამა გვაგულიანებდა, არ შევჩერდი და წასნიკერსება-წასნიკერსებაში კი ამოვყავი თავი უნივერსიტეტში.

დღეს იმდენნაირი შოკოლადი იყიდება, მოსკოვი და ლენინგრადი ვიღას ახსოვს. ჩადი ნებისმიერ მარკეტში და თუნდაც მთელი კვირის მარაგი მოზიდე. “როზალი” – ბელგიური სასუსნავის სამოთხე, წინათ რომ მელიქიშვილზე იყო და ახლა ფალიაშვილზეა, “შოკოლადის სახლი”, “შოკოლადის სახელოსნოც” გადასარევად მახსენდება… მთავარია, სასწორზე დახედვისა არ შეგეშინდეს.

ჰო. დაბეგვილი “სნიკერსი”. კინაღამ არ დამავიწყდა?!

ჩემი ნოუ ჰაუა. მოლის ექსკლუზივი. ოღონდ რამე განსაკუთრებული ხერხით მომზადებული ნუგბარი არ გეგონოთ – ჩვეულებრივი “სნიკერსის” ბატონია. სავაჭრო ავტომატში რომ დევს. ოღონდ, როგორც წესი, ყველაზე მაღლაა შემოსკუპებული და მონეტებს რომ ჩაყრი, იმ სიმაღლიდან ვარდება.

ჰოდა, უკვე დაბეგვილი გამოგაქვს.

რაო? მაინც რისი თქმა მინდოდა ამ დაუვარცხნელი პოსტით?

განსაკუთრებულის არაფრის. შოკოლადს სიყვარული ავუხსენი, ეს არის და ეს.

ხვალ ან ზეგ სავაჭრო ავტომატიდან დაბეგვილ “სნიკერსს” რომ ამოიღებთ კრუსუნ-კრუსუნით, მოლიც გაიხსენეთ და ერთი ბატონი მის ნაცვლადაც ჩასუსნეთ.


Filed under: მე - მოლი ბლუმი Tagged: ბელგიური შოკოლადი, გამოცდები, დაბეგვილი სნიკერსი, მოლი ბლუმი, სნიკერსი, ყავა, შოკოლადი, შოკოლადის ნაყინი, შოკოლადის სახელოსნო, შოკოლადის სახლი, შოკოლადის ტორტი, ჭადრაკი, Rosali Sambar
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...