მალალა: გადავწყვიტე, მელაპარაკა


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ამ წიგნის ასაკობრივი აუდიტორია, რა თქმა უნდა, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ძალიან მინდა, იმ მოზარდებმა წაიკითხონ, დილაობით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში წასვლის წინ, ბებიები ცალი ხელით კვერცხს რომ უთქვეფენ შებრაწული ომლეტისათვის, მეორე ხელით კი ფორთოხალს უფცქვნიან; ამასობაში დედები გაუთოვებულ ტანსაცმელს ულაგებენ საწოლზე, მამები კი გზისა და ლანჩისთვის განკუთვნილ ფულს უჩურთავენ ჯიბეში; ნამძინარევი თვალების ფშვნეტით რომ მიიზლაზნებიან სასწავლებლებისაკენ და გულში ფიქრობენ, რა უსამართლოა ცხოვრება, რომელიც გაიძულებს, საუკეთესო წლები მერხზე ჯდომასა და პედაგოგების ჩიჩინის მოსმენაში გაატარო.

არ გეგონოთ, ვინმეს ჭკუას ვასწავლიდე – თავის დროზე მოსწავლეც გახლდით, სტუდენტიც, სათვალიანი ბებიაც ფუსფუსებდა სამზარეულოში, მზრუნველი მშობლები კი, ღვთის წყალობით, ახლაც მყავს. ჰოდა, ხშირად ზუსტად სხვებივით მეზარებოდა თბილი ლოგინის დატოვება; ან რა დროს მენდელეევის ტაბულა და გეომეტრია იყო, როცა მეზობლის კარადაში რამდენიმე წაუკითხავი წიგნი მეგულებოდა.

ისლამურ ქვეყნებში ქალების ყოფისა და სწავლა-განათლების შესახებ მაშინაც მსმენოდა, ახლა, თავისთავად, მეტი ვიცი, მაგრამ იმაზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ალბათ, მაინცდამაინც არ დავფიქრდებოდი, “მე ვარ მალალა“ რომ არა.

არ მინდა, აჟიტირებული და პათეტიკური ვეჩვენო ვინმეს, ზედმეტ პათოსს ყოველთვის სიყალბის იერი დაჰკრავს ხოლმე, მაგრამ ისიც არ ვიცი, სხვანაირად, ნაკლებ ემოციურად როგორ დავწერო ამ პატარა გოგოზე, რომელმაც სწავლის წყურვილის გამო სიკვდილს ჩახედა თვალებში და მაინც არ შეეშინდა; არა, ალბათ, შეეშინდა კიდეც, აბა, რა იქნებოდა, პისტოლეტმომარჯვებულმა კაცმა რომ იკითხა, მალალა რომელიაო.

ვინ იცის, რა იფიქრა მალალამ იმ რამდენიმე წამში, სანამ კოლტის ტყვია მარცხენა თვალში გაუვლიდა, გონებას დაკარგავდა და საუკეთესო მეგობარს – მონიბას დაეცემოდა. შეიძლება, მამა გაახსენდა, ვისი წყალობითაც სხვა პუშტუნ გოგონებზე გაცილებით განათლებულიც იყო, მამაციც და უშიშარიც; ან დედა, ლამაზი ქალი შროშანისფერი სახის კანითა და მწვანე თვალებით… იქნებ, იმ ბლოგზე გაფიქრებაც მოასწრო, სადაც, “ბიბისის” რადიოკორესპონ­დენტის – აბდულ ჰაი კაკარის წყალობით, ადამიანებს ესაუბრებოდა; უყვებოდა პატარა გულში ჩაბუდებულ შიშზე, აკრძალულ უნიფორმაზე, ბურკაზე, რომლის ტარებაც არ უნდოდა, სკოლაზე, რომელიც მამამისმა დააარსა, გოგონებზე, რომლებსაც სურდათ, ესწავლათ, უფრო მეტი სცოდნოდათ, უფრო ჭკვიანები ყოფილიყვნენ და ბავშვების მოვლასა და სამზარეულოს ცოტათი მაინც გასცდენოდნენ… ახლა თავად მალალაც ვეღარ გვეტყვის, რა ფიქრებმა გაუელვა მაშინ, რადგან, როცა სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ, ბირმინგემის საავადმყოფოში გონს მოვიდა, თავს გადახდენილი ამბავი მხოლოდ ბუნდოვნად, ნაწილ-ნაწილ ახსოვდა; თუმცა, ეს არც არის მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი ის არჩევანია, რომელიც ამ გაბედულმა გოგომ გააკეთა:

“ორი შესაძლებლობა მქონდა: ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ ან მეთქვა სათქმელი და ისე მოვმკვდარიყავი. მე მეორე ვარიანტი ამოვირჩიე – გადავწყვიტე – მელაპარაკა.“

მალალას ძვირად დაუჯდა ეს არჩევანი – თავში მოხვედრილმა ტყვიამ, სასწაულის წყალობით, მისი მოკვლა ვერ მოახერხა, მაგრამ კინაღამ სამუდამოდ დაამახინჯა და როცა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მამამისს სთხოვა, შენმა ქალიშვილმა ხალხს გაუღიმოსო, ვერც იფიქრებდა, რომ გოგონას ეს აღარ შეეძლო. ღიმილის დაბრუნებას დრო და რამდენიმე ოპერაცია სჭირდებოდა…

კოლტის ის ტყვია კი, რომელიც იმ სახეშებურულმა კაცმა გაისროლა, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ მასაც და იმათაც, ვინც ამ ყველაფრის უკან იდგა; ვინც თხუთმეტი წლის გოგოს ანგარიშის გასასწორებლად შეიარაღებული მკვლელი მიუგზავნა – ბუმერანგს წიგნის ფორმა აქვს და “მე ვარ მალალა“ აწერია; სიმტკიცისა და შეუდრეკელობის ამ უბრალო და მაინც უჩვეულო ამბავს ახლა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში კითხულობენ, მისი ავტორი კი ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტია მშვიდობის დარგში, მშვიდობისა, რომელიც დღემდე ვერ ეღირსა მის სამშობლოს.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დოკუმენტური პროზა, ლიკა ჩაფიძე, მაკა სესკურია, მალალა იუსაფზაი, მე ვარ მალალა, მოლის ბიბლიოთეკა, ნიკა სამუშია, პროზა, ქართული თარგმანი, non fiction
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...