კულინART – ჩემი კულინარიული ჟურნალი


კულინART

ჟურნალები როგორ მიყვარს, ხომ იცით. ახალ ჟურნალს, “ჰიდრომელიორატორის მაცნეც” რომ იყოს, აუცილებლად ჩავხედავ. მერე რა, რომ ჰიდრომელიორაციისა არაფერი გამეგება – ან კროსვორდი იქნება ბოლო გვერდზე, ან იუმორის კუთხე, ან კარგად გადაღებული სურათი, ან “ჰიდრომელიორაცია დამწყებთათვის”… მოკლედ, საინტერესოს მაინც ვიპოვი.

ახლა წარმოიდგინეთ ჩემი ინტერესი, როცა საქმე კულინარიულ გამოცემას ეხება )

რამდენი ხანია, საჩემო კულინარიულ ჟურნალს ვეძებ. აი, ისეთს, ერთხელ რომ აედევნები და ახალი ნომრის ჩასუსვნას სასიამოვნო და ურღვევ ტრადიციად აქცევ. თემაა ისეთი, აქტუალური და საყოველთაო, გამოცემების სიმცირეს არ ვუჩივით, მაგრამ ზოგისა შინაარსი არ მომეწონა, ზოგისა – ხარისხი, ზოგი ყველაფრით კარგი იყო, მაგრამ პირველი ნომრების მერე ისე უკვალოდ გაქრა, მე კი არა, იქაურმა ჟურნალისტებმაც ვერაფერი გაუგეს.

ჰოდა, ათიოდე დღის წინ ფეისბუქზე ერთ მშვენიერ გვერდს გადავაწყდი. მშვენიერ გვერდს და მშვენიერ ჟურნალს. დავათვალიერე, რაც ჰქონდათ გამოფენილი და მეორე დღეს ჩემს ჯიხურს მივადექი – გეთაყვა, ეს წითელყდიანი “კულინART”-ი მომეცით-მეთქი.

ჩავაგდე ჩანთაში (მე შენ გეტყვი, არ ჩამეტეოდა – ერთი ციცქნაა), წავიკითხე და ძველ ნომრებს დავუწყე ძებნა – ნაკლული არქივი არ მიყვარს. ან რა საყვარელია, თაროზე რაღაცები რომ გაკლია.

მოკლედ, “კულინარტი“.

კულინART

ჩემგან არ გესწავლებათ – კულინარიულ გამოცემებს, როგორც წესი, ერთი ნაკლი აქვთ. გადაავსებენ რეცეპტებით, აქაოდა მეტი რაზე უნდა ვწეროთო და გამოდის სამზარეულო წიგნი. რა სჯობია რეცეპტებს, მაგრამ ერთფეროვანი გამოდის, ოდნავ მოსაწყენი, მხოლოდ ქურასთან ბზრიალის დროს, ჯამ-ჭურჭელ-ქვაბ-ტაფა-ქაფქირმომარჯვებულს რომ გამოგადგება, ისეთი, მე კი ერთფეროვნება არ მომწონს და ჟურნალი იმის ჟურნალია, ამოდ საკითხავიც იყოს.

ამ ჩვენს “კულინარტს” ეს საფრთხე აშკარად არ ემუქრება. ანდა როგორ უნდა ემუქრებოდეს, როცა დიანა ანფიმიადი ერთგან “A Feast of Ice and Fire”-ზე წერს – ვესტეროსის დელიკატესების კრებულზე, მეორეგან საბჭოთა გასტრონომიის გადაშენებულ დინოზავრზე, – “Книга о вкусной и здоровой пище”-ზე (მეც მაქვს ეს წიგნი, ბებიას აჩუქა ლენინგრადელმა დაქალმა, შთამბეჭდავი გამოცემაა); თამარ ბაბუაძე ხან ჰუმუსზე ყვება ისე, რომ თავი იორდანიაში გეგონება, ხან ნიუიორკელი რუსი ემიგრანტების სამზარეულოზე, ხანაც კვების ფსიქოგეოგრაფიასა და შვილებისგან თავისუფალ ზაფხულზე (ამას დედები გაიგებენ); ვახო ბაბუნაშვილი გასტროფილოსოფიისა და გასტროისტორიის ახსნას ცდილობს, ნატალია ბერიანიძე მოდურ კულინარიას მიმოიხილავს. ესმა კუნჭულიას სამზარეულო, ვიკა ბუკიას, მერიკო გუბელაძის, სალომე დადუნაშვილის ბლოგები … მოკლედ, თან კულინარიაზეა, თან არამხოლოდ.

მინიტარტები შოკოლადით, Penne alla Vodka, პასტა, ქათამი ღვინოში, ვაშლი ცომში, პაელია, გრილზე შემწვარი სამეფო კრევეტები, სუში, კომში კრემით, მიდიები, “ცეზარი”, ბიფსტროგანოვი რუსა ჩაჩუასგან, ანიტა რაჭველიშვილის საფირმო “კარმენი” და სოფი ლორენის ტირამისუს ექსკლუზიური რეცეპტი სულ ახალი წიგნიდან, ნიყვი და სამარხვო მენიუც კი, რომელიც არასოდეს გამისინჯავს, მაგრამ ვაღიარებ – ამ ფურცლებზე ფრიად მიმზიდველად გამოიყურება.

კულინART ბებოს რეცეპტები

და მუდმივი რუბრიკები… მენდეთ სტაჟიან ჟურნალოლოგს, არაფერია მუდმივ რუბრიკებზე სასიამოვნო და კომფორტული. ახალი ნომერი ხომ სიახლეების ნიაღვარია და ამ ნიაღვრის დასაბალანსებლად მუდმივი რუბრიკებია მოგონილი. მე, მაგალითად, ჯერ რედაქტორის სვეტს ვკითხულობ, ფავორიტ რუბრიკებს ვსტუმრობ და მერეღა ვიცლი დანარჩენისთვის. “კულინარტში” ყველაზე მეტად Foodtourist მომეწონა – ნიკა გვარამიას (სხვათა შორის, დიდი გურმანის), ოლიკო ბაბლუანის, ნენე კვინიკაძის გასტროტურისტული ისტორიები, “ბებოს რეცეპტები” (რა გემრიელობებია, რომ იცოდეთ) და “ინტელექტMenu”. Food Test-იც აქ არის, პოლიტMenu-ც და Be My Guest-იც, კახა ბენდუქიძეც, ნიკა რურუაც, ხატია ბუნიათიშვილიც – სულო და გულო, შენ ოღონდ წასაკითხად მოიცალე.

ცხოვრების ჯანსაღ წესზეც ჰყვებიან (დიეტაში რომ გვერევა ხშირად), ბავშთა და მოზარდთა კვებაზეც, დედობის ურთულეს პროფესიაზეც. დრესკოდზეც, სახლის დეკორზეც, პრაქტიკული რჩევების გვერდიც აქვთ და კულინარიულ კონვერტორსაც მოვკარი თვალი. თქვენ წარმოიდგინეთ, ასტროლოგიური კულინარიის ამბებსაც წააწყდებით. Cinefoodography- ფუდცენტრული ეპიზოდების გახსენება საყვარელი ფილმებიდან – და Food ფოტოგრაფია. ჰო, კულინარიული კრახის სახალისო ისტორიებიც ყველა ნომერში მოიძებნება.

ახლა ვიზუალი… ჟურნალია, კულინარიულ ტექნიკუმში დაცული დისერტაცია ხომ არა, გაფორმებას მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ფანტასტიურია! ისეთი სურათებია, შეხედავ და მზად ხარ, დაგემოვნება არც გჭირდება… მარი ნაკანი-მამასახლისის ნამუშევარია, მეტი რა უნდა ვთქვა.

კულინART

ამ ოთხი ნომრის საგულდაგულო აღწერა-რეცენზირება იოლი საქმე არ გეგონოთ. შესახედავად არის ციცქნა, თორემ იმდენი რამ წერია, თითო ერთ თავმოყვარე წიგნს აიწონის. სამაგიეროდ, ისე გემრიელად იკითხება, მომჭირნე დიასახლისივით თუ არ გამოიზოგე, ხელში შემოგადნება და უცადე მერე ერთი თვე ახალ ნომერს… თუმცა ჟურნალის გამოზოგვა ვის გაუგონია – სამზარეულოში უნდა დაიდო ან საძინებელში, თვალი და გული ერთად რომ გაახაროს და როცა გუნებაზე იქნები, ალალბედზე გადაშალო და იკითხო.

იმდენი გექაქანეთ, მეშინია, თავი არ შეგაწყინოთ. საუკუნეა, ამხელა პოსტი არ დამიწერია. მთლად იმასაც ნუ დააბრალებთ, ოთხ ნომერზე იყო მოსაყოლი და, აბა, რა იქნებოდაო… მთავარი სხვა რამაა. საქმის ცოდნით და სიყვარულით გაკეთებული პროექტია, დახვეწილი, საინტერესო, ინფორმაციული, გემრიელი, გემოვნებიანი და ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ, მგონი, ჩემი კულინარიული ჟურნალი ვიპოვე.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: A Feast of Ice and Fire, ანიტა რაჭველიშვილი, დელიკატესი, დიანა ანფიმიადი, ესმა კუნჭულია, ვახო ბაბუნაშვილი, ვიკა ბუკია, თამარ ბაბუაძე, კახა ბენდუქიძე, კულინART, კულინარია, მარი ნაკანი-მამასახლისი, მედია, მერიკო გუბელაძე, მოლის ბიბლიოთეკა, ნატალია ბერიანიძე, ნესტან (ნენე) კვინიკაძე, ნიკა გვარამია, ნიკა რურუა, ოლიკო ბაბლუანი, პრესა, ჟურნალები, რეცეპტები, სალომე დადუნაშვილი, სოფი ლორენი, ქართული ჟურნალები, ქეთა ლომიძე, ხატია ბუნიათიშვილი, ჯორჯ მარტინი, ჰუმუსი, Книга о вкусной и здоровой пище
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...