“წიგნები ბათუმში”: Coming Soon


სამამულო ლიტერატურულ პროცესებს თვალს თუ ადევნებთ, ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ შარშანდელი ამბავი – ბათუმის ყველაზე პოპულარული წიგნის მაღაზიის მეპატრონეებმა საგამომცემლო ბიზნესსაც რომ მოუსინჯეს კბილი და მკითხველს ახალი გამომცემლობის დაარსება ახარეს.

“წიგნები ბათუმში” თავიდანვე შეეცადა საფირმო ხელწერის ჩამოყალიბებას და საკუთარი ნიშის დაბევებას – მხოლოდ ხარისხიანი ლიტერატურა და ხარისხიანი თარგმანი გვექნება, წესისთვის, მოდისა და რაოდენობისთვის არაფერს გამოვცემთ, განსაკუთრებით კი ფანტასტიკას და საბავშვო-საყმაწვილო ხაზს მივხედავთო.

ჟანრულ პროზას ჩვენში მაინცდამაინც რომ არ ულხინს, “არ ახალია, ძველია“. ფენტეზის ცინცხალი თარგმანები არ გვაკლია; აი, სამეცნიერო ფანტასტიკისა კი რა მოგახსენოთ…. არა, Sci Fi-ს სხვებიც თარგმნიან, მაგრამ ასე, პრიორიტეტულ მიმართულებად, არავის გამოუცხადებია.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოდი, დღეს “წიგნები ბათუმში”-ს უახლოეს გეგმებს გადავხედოთ. პირველი ნაბიჯი, ხომ იცით, ნახევარი საქმეა – როგორც იწყებ, ისევე აგრძელებ.

სუბიექტურობაში ნუ ჩამომართმევთ (ან ჩამომართვით, როგორც გენებოთ) მაგრამ განსაკუთრებით მიხარია, ჩვენში ძმები სტრუგაცკების თარგმნას რომ მიჰყვეს ხელი. საუკეთესო რუსი ფანტასტების ტანდემი აქამდეც გადმოუქართულებიათ, ძველი “დასახლებული კუნძულიც” შემხვედრია ბუკინისტებთან, მაგრამ სათავგადასავლო ბიბლიოთეკის ქართული კლონის რიგითი ტომი ერთია და ექსკლუზიური თარგმანი – მეორე.

ძმები სტრუგაცკების ბიბლიოგრაფია საკმაოდ ვრცელია და ყველას თარგმნა, ეგებ, არც კი ღირდეს, მაგრამ ხუთ-ექვს ისეთ ტექსტს, სამეცნიერო ფანტასტიკის ნებისმიერ მსოფლიო ანთოლოგიას რომ დაამშვენებდა, თუნდაც ახლავე ჩამოგითვლით. ერთიორად სასიამოვნოა, ქართული კოლექცია ჩემი ძველი სიყვარულით რომ იწყება. “ძნელია ღმერთობა” ჟანრის ყველა კანონის დაცვით დაწერილი, საინტერესოზე საინტერესო, ვრცელი მოთხრობაა. ნამდვილი must read ადეპტებისთვის. რუმატა ესტორელის, მამა კაბანის, ბარონ პამპასა და დონ რებას ამბებში ყველაფერია, რისთვისაც ფანტასტიკა გვიყვარს. ყველაფერი და, როგორც სტრუგაცკებთან ხდება ხოლმე, ცოტა უფრო მეტიც.

მეორე სიახლეზე, ვფიქრობ, ბევრი ლაპარაკი არც ღირს: დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის” – ყველაზე ლამაზი, ყველაზე სევდიანი, ყველაზე მინორული Sci Fi. არ მეგუება ადამიანი, წაეკითხოს და გულგრილი დარჩენილიყოს. “ელჯერნონი” ორიგინალშიც ხელმისაწვდომია, რუსული თარგმანიც თავისუფლად მოიპოვება, ქართულიც კი არსებობს სადღაც, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია…

ჩარლი გორდონის ამბავი მეც და, ალბათ, ბევრ სხვასაც მოთხრობად წაგვიკითხავს. აი, ამ გადასარევ კრებულშიც მოთხრობაა. თარგმნით კი რომანი ითარგმნება. რომანსაც მოძებნიდა დაინტერესებული მკითხველი, მაგრამ ასეთი ექსკლუზიური ქართული ტექსტის დაგემოვნების სიამოვნებას ხელიდან ვერაფრით გავუშვებ და თქვენც იმავეს გირჩევთ.

ალტერნატიული ისტორიის მოყვარულებს ფავორიტი ავტორები რომ ჩამოათვლევინო, პირველს, დიდი ალბათობით, ფილიპ დიკს დაგისახელებენ და რა გასაკვირია, რომ “წიგნები ბათუმში” დიკის, ალბათ, ყველაზე ცნობილ ტექსტს თარგმნის. “კაცი მაღალ კოშკში” გურმანებისთვისაა. საზოგადოდ, თავად დიკია გურმანების საკითხავი, – როგორც ჯეიმს ბონდის მეგობარი მისტერ უაიტი იტყოდა, “ყველასთვის როდია”.

კიდევ ერთი საინტერესო პროექტი… კრებულები რომ Sci Fi-ს აპრობირებული ფორმაა, ჟანრის მოყვარულებს კარგად მოგეხსენებათ, ჰოდა, “წიგნები ბათუმში” აქაც პირველია. რუსული “Отцы-Основатели” ხომ იცით? სწორედ ამ გადასარევი სერიის სამამულო ანალოგი დაიქოქება მალე. პირველი ტომი ლავკრაფტისა და ჰაინლაინის მოთხრობებია და ცხვირი მიგრძნობს, კიდევ ბევრი ბუთქუნა ტომის შემოდება მოგვიწევს თაროზე – ოქროს ფანტასტიკა ხელუხლებელი საბადოა.

საი ფაის ამბები ხომ ვთქვით. მეორე პრიორიტეტი საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა იქნებაო და ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი – სამი გემრიელზე გემრიელი წიგნი გველოდება.

პირველი მორის დრიუონის “მწვანეთითება ტისტუა”. დრიუონის ხსენებაზე ყველას “დაწყევლილი მეფეები” გვახსენდება, ის შვიდწიგნეული, შუა საუკუნეების ევროპის ისტორია რომ გვასწავლა თავის დროზე. “ტისტუ” ზღაპარია, ისეთი ზღაპარი, ბავშვები და უფროსები ერთნაირი სიამოვნებით რომ წაიკითხავენ…

მეორე ქეთრინ პეტერსონის “ხიდი ტერაბიტიაშია”. აი, იმ ხალხისთვის დაწერილი, ვისაც ჯერ არ დავიწყებია, ოდესღაც ბავშვები რომ იყვნენ. ჩვენში მაინცდამაინც ცნობილი ტექსტი ვერ არის და მით უფრო სასიამოვნოა თარგმნა.

და როალდ დალის არაჩვეულებრივი “არაჩვეულებრივი მისტერ ფოქსი”. დამიჯერეთ, არაფრით არის ჩარლისა და შოკოლადის ქარხნის ამბებზე ნაკლები. საიდუმლოდ გეტყვით და არ გამამხილოთ – ყველაზე მეტად მისტერ ფოქსის ამბებს ველოდები.

აი, ასეთი ამბები ხდება ბათუმში. ამ პოსტს რომ კითხულობთ, იქ გაგანია მუშაობაში არიან. ჯერ მარტო შვიდი ქავერია შესარჩევი, ისეთი, ყველაზე წუნია მკითხველსაც რომ მოეწონოს… დიზაინს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, მაქსიმალურად კომფორტული გამოცემები უნდა გვქონდეს, მკითხველს წიგნის ხელში აღება რომ ესიამოვნოს, ისეთებიო.

მუშაობა ტყუილად არ მიხსენებია. თარგმანის ამბავი თავადაც გეცოდინებათ – არა ერთხელ და ორჯერ მომხდარა, სამწუხაროდ; გადასარევი ტექსტი ისე უთარგმნია და გამოუცია მავანს, გული დაგვწყვეტია, ნეტავ სულ არ გაკარებოდა, არ გაეფუჭებინაო. აქ სხვაგვარად უნდა იყოს საქმე. ისეთი გოგოები და ბიჭები მუშაობენ, ისეთი მთარგმნელები და რედაქტორები ჰყავთ, ხარისხიანზე ხარისხიან პროდუქტთან გვექნება საქმე.

ამ ყველაფერს, წესით, შუა თებერვალში უნდა ველოდოთ – შეიძლება ითქვას, დღე-დღეზე. მაისის წიგნის ფესტივალისთვის ცალკე სიაა ჩამოწიკწიკებული და ამაზე მერე მოგიყვებით – ნუ ვიჩქარებთ, ყველაფერს მოვასწრებთ.

P.S. ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელს” ვიწყებთო, ახლა გავიგე. ეშველა ფანტასტიკას და ჩვენც გვეშველა-მეთქი, ხომ გეუბნებოდით.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: არაჩვეულებრივი მისტერ ფოქსი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დენიელ კიზი, კაცი მაღალ კოშკში, მოლის ბიბლიოთეკა, მორის დრიუონი, მწვანეთითება ტისტუ, პროზა, როალდ დალი, რობერტ ჰაინლაინი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ურსულა ლე გუინი, ფანტასტიკა, ფილიპ დიკი, ქართული თარგმანი, ქეთრინ პეტერსონი, ყვავილები ელჯერნონისთვის, ძმები სტრუგაცკები, ძნელია ღმერთობა, წიგნები ბათუმში, წყვდიადის მარცხენა ხელი, ხიდი ტერაბიტიაში, ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი, Sci Fi & Fantasy
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...