ბათუმში დელფინიანი წიგნებისათვის


Tengo Barca Katamadze, Natali Chakhvadze და David Baliashvili.
მანანა ქველიაშვილის ფოტო

უამრავჯერ მითქვამს აქაც, იქაც, სხვაგანაც, მეგობრებთანაც, ფეისბუქზეც და კიდევ გავიმეორებ – ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდი ბათუმში და თბილისში მარტო განსაკუთრებით საინტერესო წიგნების პრეზენტაციებზე ვივლიდი-მეთქი.

სამწუხაროდ, ეს მთლად ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული და ჯერჯერობით ყველაფერი პირიქით ხდება – ცხოვრებით თბილისში ვცხოვრობ და ბათუმში პრეზენტაციებზე დავდივარ. დავდივარ რა – პირველად ვიყავი და ძალიანაც მომეწონა, მაგრამ, მგონი, ყველაფრის დალაგებით მოყოლა აჯობებს.

“წიგნები ბათუმში“ გამომცემლობისა და ახალი თარგმანების პრეზენტაციას რომ გეგმავდა, მგონი, ნახევარმა საქართველომ იცოდა და მე როგორ გამომრჩებოდა. ამიტომაც იყო, რომ ოცდაერთში, შაბათ დილით, გემრიელად გამოძინების ნაცვლად, ზურგჩანთამოკიდებული ვიდექი ბაქანზე და პირსინგიანი გამცილებელი (გადასარევი გოგო, სხვათა შორის) ბილეთს მიმოწმებდა.

თბილისიდან ბათუმამდე, მოგეხსენებათ, ხუთი საათის სავალია და მთელი გზა ხან ვკითხულობდი, ხან მეძინა, ხან ყავას ვსვამდი ჩემი განუყრელი თერმოსიდან და ამაოდ ვცდილობდი, გამომეცნო, რომელ სადგურზე გაჩერდებოდა მატარებელი ისე, სიგარეტის მოწევა რომ მომესწრო; ის დალოცვილი ისეთი თავქუდმოგლეჯილი მიქროდა, იმაშიც კი შეგვეპარა ეჭვი, მახინჯაურში მაინც თუ ჩაგვიშვებდნენ ქვემოთ.

ასე იყო თუ ისე, ბათუმში დროულად და შეუფერხებლად ჩავაღწიე, ბავშვობის მეგობარს გავუარე და ხუთისთვის უკვე “Привет из Батума“-ში ვაგემოვნებდით ცეზარსა და კიევურ კატლეტს.

გასტრონომიული ღონისძიების შემდეგ მონატრებულ ბათუმს შემოვუარე – ერას მოედანზე გავედი, ბულვარში გავისეირნე, ზღვას გამოველაპარაკე და რვა იყო დაწყებული, ხალხითა და წიგნებით სავსე მაღაზიის შესასვლელთან რომ ვიდექი შეფიქრიანებული – მე კი არა, ნემსი არ ჩავარდებოდა შიგნით.

პრეზენტაცია ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც უნდა ყოფილიყო – შინაურული, ხმაურიანი, საინტერესო და ინფორმატიული; თბილისელი სტუმრები, ბათუმელი მკითხველი, მთარგმნელები, ბევრი წიგნი და ფრიად სასიამოვნო 25%-იანი დისქაუნთი. ჩემი ეგზემპლარები, რახანია, თაროზე მიწყვია, ამჯერად მეგობრისთვის გავავსე საფირმო ჩანთა და სადღესასწაულო ტორტის გაჭრას აღარ დავლოდებივარ – ორი დღით ვიყავი ჩასული და საღამოსთვის სხვა გეგმები მქონდა.

კვირადღე ფეხით ბოდიალით დავიწყე – ზურგჩანთააკიდებულმა ლამის მთელი ცენტრი ჩავიარე და სახელგანთქმულ “რეტროს“ საკუთარი თავით კმაყოფილი მივადექი – მეგობრები უკვე მელოდნენ.

Must Have… უფრო სწორად, Must Eat ცომგამოცლილი აჭარულის შემდეგ რამდენიმე თავისუფალი საათი დამრჩა და უკეთესი რა უნდა მომეფიქრებინა – ისევ ბულვარი, ზღვა, კოლონადები, ერა და პიაცა… ლიტკაფეში კაპუჩინო და ფორთოხლის წვენი გეახელით, Привет-ში, უკვე ტრადიციულად, კიევური და ხუთის ნახევრისთვის ტაქსის ქალბატონმა მძღოლმა მახინჯაურში ჩამაგრიალა.

ვზივარ ახლა სავარძელში ნებიერად მოკალათებული, მატარებელი ისევ თავქუდმოგლეჯილი გარბის (ახლა უკვე თბილისისაკენ) ვწერ ამ პოსტს და ვფიქრობ, რომ ბათუმისთვის უიქენდი უსინდისოდ ცოტაა – ბათუმში, სულ მცირე, ერთი კვირით უნდა ჩახვიდე, ყველგან გაიარო, ყველაფერი ნახო, ყველაფერი დააგემოვნო, სანაპიროზე ნამდვილი ბათუმური წესით მოდუღებული ყავაც შეირგო, ქუჩებში უმისამართო ბოდიალიც, მეგობრებიც და ის ყოვლად ფანტასტიკური, ფერადი წიგნებით გაძეძგილი მაღაზიაც, ლეა რომ დაგხვდებათ პრინცესული ვარცხნილობით და კაბის საყელოთი.

ახალმა გამოცემებმა “წიგნები ბათუმში“ ხალხით უკვე გაავსო; თბილისში ათჯერ მეტ მკითხველს ელოდებიან და ასეთი ანშლაგი ძალიან მიხარია, თორემ გაკვირვებით ნამდვილად არ მიკვირს. ჟანრი პოპულარულია, თარგმანები – გადასარევი, დიზაინი თვალს და გულს ერთად ახარებს, რედაქტორებს პროფესიონალიზმს ვერ დაუწუნებს კაცი; ირაკლის და მარის კი ისეთი გეგმები აქვთ, ისეთი გემრიელობები მზადდება, ანშლაგები აწი ნახეთ თქვენ.

ჰო, არ გამოგრჩეთ – თბილისური წარდგინება ორშაბათს კი არა, ხუთშაბათს იქნება, შვიდზე, “ლიგამუსში“.

სწრაფი მატარებელი მახინჯაური-თბილისი

2015 წლის 22 თებერვალი


Filed under: მოლის წისქვილი Tagged: ახალი თარგმანები, ბათუმი, ბულვარი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ირაკლი ბაკურიძე, ლეა ბაკურიძე, ლიგამუსი, მანანა ქველიაშვილი, მარი კორინთელი, მატარებელი, მახინჯაური, მოლის წისქვილი, პრეზენტაცია, წიგნები ბათუმში, Привет из Батума
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...