“წიგნები ბათუმში” ბლოგერების კონკურსს მართავს


გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

დარწმუნებული ვარ, ყველას გახსოვთ, რომ მაისის ბოლოს თბილისის წიგნის ფესტივალი გველოდება.

მართალია, თარიღი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებში მოწანწალე ძველი და ერთგული მრევლისთვის ძნელი გამოსათვლელი არ უნდა იყოს. თვის ბოლოს მოუწევს, ალბათ.

მინდა გითხრათ, მაინცდამაინც დიდი დრო არ არის დარჩენილი. ჰოდა, მოლის ბლოგიც წინასაფესტივალო რეჟიმზე გადადის.

დაწყებით კი ყოვლად გადასარევი ამბით დავიწყებ.

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” ბლოგერების კონკურს იწყებს.

ოფიციალურ რელიზს უკვე ნახავდით. მე ცოტა უფრო ვრცლად მოგიყვებით. ეშმაკი, გეცოდინებათ, დეტალებშია.

მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც პერსონალური ბლოგი აქვს და დღემდე ერთი პოსტი მაინც გამოუქვეყნებია. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე წერთ ან რამდენად ხშირად, ერთხელ ბლოგერი მუდამ ბლოგერიაო, ძველებს უთქვამთ.

მსხვილ პორტალებზე გამოქვეყნებაც მოსულა – მადათოვზე, ნეტგაზეთში, wis.ge-ზე, ინტერნეტგაზეთ “მასწავლებელში”, “ბათუმელებში”… მოკლედ, ყველგან, სადაც შეძლებთ.

თემა – ბათუმური გამომცემლობის წიგნებია. ყველა არა. დღეისათვის თორმეტი დელფინიანი წიგნია გამოცემული და ამ თორმეტიდან რვა შეირჩა: ართურ კლარკის “კოსმოსური ოდისეა 2001″, ართურ კლარკისა და რობერტ ჰაინლაინის მოთხრობების კრებული, ფილიპ დიკის “იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა” და “კაცი მაღალ კოშკში”, ბერნარ ვერბერის “ჭიანჭველები”, რეი ბრედბერის “ტანმოხატული კაცი”, როალდ დალის “მატილდა”და “სასწაულთმოქმედი მისტერ ფოქსი” და ანა გავალდას ყოვლად გადასარევი “35 კილო იმედი“.

ფორმატი თავისუფალია. როგორც გაგიხარდებათ, ისე დაწერეთ. მოკლედ, ვრცლად, ასე, ისე, თუ გინდათ, გალექსეთ :) არავინ არაფერს დაგიშლით.

დაწერთ ლიტ. რევიუს, გამოაქვეყნებთ, ბმულს გამომცემლობის გვერდს გაუგზავნით პიემით და მორჩა, შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ შედეგებს. კონკურსი 7 მაისს დაიწყო და პოსტებს 25 მაისის ჩათვლით მივიღებთ. გამარჯვებულს ფესტივალზე დავაჯილდოვებთ, ანუ, მალე. არადა, ისეთი კონკურსებიც მახსოვს, ლამის სამი თვე რომ გრძელდებოდა და კონკურსანტებს დაავიწყდათ, რა დაწერეს, სად გააგზავნეს და რისთვის.

ახლა – შეფასების ამბავი. გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, არავითარი ლაიქები. არ ვიცი, გამარჯვებულის მოწონებათა რაოდენობით გამოვლენას იქნებ აქვს კიდეც რაღაც აზრი და გამართლება, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლო მგონია. უშუალო დემოკრატია არჩევნებზეა კარგი. ლაიქების თვლა რომ დავიწყოთ, ლიტ. რევიუების კონკურსი კი არა, ნაცნობ-მეგობრების მობილიზებაში შეჯიბრება გამოგვივა.

ჟიური ისეთია, უკეთესს ვერ ინატრებ. ალექსანდრე ლორთქიფანიძეს და სალომე ბენიძეს ლიტერატურაც გადასარევად ესმით და თავადაც მოქმედი ბლოგერები არიან. კარგისა და საუკეთესოს გარჩევა ნამდვილად არ გაგვიჭირდება.

და, ყველაზე მთავარი – პრიზები. სამი გამარჯვებული გამომცემლობის 100, 70 და 50 ლარიან ვაუჩერს დაისაკუთრებს. დამეთანხმეთ, გადასარევად შერჩეული საჩუქარია. ირაკლი და მარი ფესტივალზე ახალი გამოცემებით დატვირთული ჩამოდიან: “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” მარგალიტი – ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი, დიმიტრი გლუხოვსკის გახმაურებული “მეტრო 2033“, რეი ბრედბერის “ბედნიერების მექანიზმები (მარტო ქავერი აქვს ერთი წიგნის ფასი), ჯუდი ბლუმის “აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“, მარგარეტ ეტვუდის საოცარი “მხევლის წიგნი”, ჯონ ბოინის “ბიჭი ზოლიან პიჟამაში“…. მოკლედ, ვაუჩერი ძალიან გამოგადგებათ.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო ძვირფასებო. დეტალები კი მოგიყევით წვრილად. ახლა, როგორც ძველ გაზეთებში წერდნენ, ჯერი თქვენზეა :) საკონკურსო პოსტებს ხელების ფშვნეტით ველოდებით.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: ალექსანდრე ჩე ლორთქიფანიძე, ბლოგერების კონკურსი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", დელფინიანი წიგნები, ექსპო ჯორჯია, თბილისის წიგნის ფესტივალი, ირაკლი ბაკურიძე, კონკურსი, ლიტ. რევიუ, მარი კორინთელი, ჟიური, სალომე ბენიძე
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...