ბათუმური ღამისთევა ბენზოხერხის გარეშე


“წიგნები ბათუმში”

ახალ “ინსომნიაზე” უნდა მოგიყვეთ.

ოფიციალურ გვერდზე ანონსს უკვე ნახავდით. პირობებიც წერია იქ, ვადებიც, ელფოსტის მისამართიც, ჟიურის შემადგენლობაც. მოკლედ, ყველაფერი.

მაგრამ მეც რომ არ დავწერო, არაფრით გამოვა. ერთი პერსონალური პოსტი “ინსომნიას”, ღმერთი, რჯული, ნამდვილად ეკუთვნის.

ორი წლის წინ, ზუსტად ორი წლის წინ, ნატო დავითაშვილმა მომწერა – კოშკას ახალი იდეა აქვს, ექსტრემალი ლიტერატორების კონკურსს ვმართავთ და ჟიურის წევრობაზე რას იტყვიო.

დიდი მადლობა, ამაზე უარს რა მათქმევინებს-მეთქი, გადავირიე სიხარულით.

ჰოდა, ახლა მესამე წრეზე მივდივართ.

ასე რომ, თუ ვინმეს ეჭვის ნატამალი ღრღნიდა, შეუძლია, მშვიდად იძინოს – ყველაზე ორიგინალური, გიჟური და ფანტასტიკური იდეაც, თუ მოინდომე, გადასარევად ისხამს ხორცს. ჩაკეტილი მაღაზიიდან ონლაინ ტრანსლაციის ორგანიზებაც ხერხდება და ერთიმეორეზე უკეთესი ტექსტებიც იწერება ერთ ღამეში.

კონკურსში მთავარი კონკურსანტია. რაგინდ სუპერპროფესიონალი ჟიური შეიკრიბოს, კონკურსანტმა თუ არ ივარგა, ასარჩევიც არაფერი იქნება. წინასწარ ვერაფერი გვეცოდინება, მაგრამ არც შარშან ვიცოდით და არც შარშანწინ, ორი მშვენიერი კრებული კი გამოგვივიდა. მესამეც გამოგვივა.

პირველი “ინსომნიები”, გემახსოვრებათ, “ბუქსითიში” ჩატარდა. წელს ბათუმი უმასპინძლებს. ფესტივალისთვის (თუ მართლა სერიოზული პროექტია და არა ერთჯერადი აქცია) მუდმივი ლოკაციის შეძენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰოდა, პირდაპირ ვიტყვი, ყოველგვარი რევერანსის გარეშე: “ინსომნიასთვის” ბათუმი იდეალური ქალაქია. და არამხოლოდ იმიტომ, რომ ივლისის ბოლოს ბათუმში ყოფნას არაფერი სჯობია.

ფესტივალს “წიგნები ბათუმში” უჭერს მხარს – ქართული და ქართულენოვანი ფანტასტიკისა და ფენტეზის დიდი გულშემატკივარი და ამღორძინებელი. ჰოდა, Sci-Fi-ის, ფენტეზის, ჰორორისა და მისტიკის ლიტერატურული ფესტივალი უკეთესმა ვინ უნდა ჩაატაროს, არ ვიცი.

შესარჩევ ფობიოგრაფიებს “ინსომნიას” ელექტრონული ფოსტით დღეიდან დაველოდებით. ფობიოგრაფიის დასაწერად თვრამეტი დღე არც ისე ბევრია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – ფეისბუქსტატუსი ხომ არ არის, ხუთი წუთი ეყოს.

სხვათა შორის, საკონკურსო ჟანრებში ჰორორიცაა და ამ პოსტის სათაური შეგიძლიათ არც გაითვალისწინოთ – ბენზოხერხის წამოღებაც მოსულა. და საერთოდ, ბათუმელებს ჩემზე უკეთ იცნობთ და დამეთანხმეთ, კრეატიული სიურპრიზების გარეშე ეს ამბავი ვერაფრით ჩაივლის.

ჟიურია და უკეთესს ვერ ინატრებ: ნატო დავითაშვილი და ნიკა სამუშია, სალომე ბენიძე – შარშანდელი უძინართაგანი – და თევდორე მირიჯანაშვილი. და, რაღა თქმა უნდა, ზაზა კოშკაძე – იდეის ავტორი და ფესტივალის სულისჩამდგმელი.

დიდი მკითხაობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ინსომნიაკები ძალიან საინტერესო კვირას გაატარებენ. როგორც სოლიდურ პროექტებში ხდება, ყველა საორგანიზაციო ხარჯს “წიგნები ბათუმში” მიხედავს.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ის დროა, საკუთარ შიშებს ჩაუღრმავდეთ და ფობიოგრაფიაზე იფიქროთ. შრომა კი მოგიწევთ, მაგრამ ნამდვილად ღირს: ზაფხულის ერთ კვირას ბათუმში გაატარებთ სხვა უძინარებთან ერთად, ერთი ღამით იმ ლეგენდარულ მაღაზიაში გამოიკეტებით, ლამის ქალაქის სიმბოლოდ რომ იქცა და, რაც მთავარია, დელფინიან წიგნში მოხვდებით.

ფობიას არა და ერთ დიდ სურვილს კი გაგიმხელთ: სულ მინდოდა დელფინიან წიგნში მოხვედრა.


Filed under: ლიტერატურული კონკურსები Tagged: ბათუმი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ზაზა კოშკაძე, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თევდორე მირიჯანაშვილი, ინსომნია, ინსომნია 2015, ინტერნეტი, კონკურსი, ლიტერატურული კონკურსი, მისტიკა, ნატო დავითაშვილი, ნიკა სამუშია, პროზა, ჟანრული პროზა, სალომე ბენიძე, სამეცნიერო ფანტასტიკა, საშინელებათა ჟანრი, ფანტასტიკა, ფენტეზი, ფესტივალი, ფობიოგრაფია, წიგნები ბათუმში, Horror, Sci Fi & Fantasy
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...