ფილიპ კ. დიკი. “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”


გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ფილიპ კონრად დიკი.

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

პირველი ქართული გამოცემა, ბათუმი 2015

მთარგმნელი – გურამ ღონღაძე

რედაქტორი – მარიამ კორინთელი

ყდის დიზაინი – ეკა ტაბლიაშვილი

დამკაბადონებელი – ნიკა სულაბერიძე

კორექტორი – ნატა ჩახვაძე

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

ოკლენდი

გუშინ გარდაიცვალა კუ, რომელიც მოგზაურმა და მკვლევარმა, კაპიტანმა კუკმა, ტონგის მეფეს 1777 წელს აჩუქა. ცხოველი თითქმის 200 წლისა იყო.

კუ, სახელად ტუ’იმალილა, გარდაიცვალა სამეფო სასახლის ეზოში, ტონგის დედაქალაქ ნუკუალოფაში.
ტონგის მოსახლეობა ცხოველს ისეთივე პატივს სცემდა, როგორც მის მბრძანებელს. კუს ემსახურებოდა სპეციალური დაცვა. რამდენიმე წლის წინ, ცეცხლოვანი ბუჩქის ინციდენტის გამო, ცხოველი დაბრმავდა.

ტონგის რადიო იუწყება, რომ ტუ’იმალილას ბაკანი ახალ ზელანდიაში, ოკლენდის მუზეუმში გადაიგზავნება.

როიტერი, 1966

თავი პირველი

საწოლის გვერდით მოთავსებულმა „განწყობის მოდულატორმა“ მსუბუქი ელექტრონული ხმა გამოსცა, რომელმაც ავტომატური ელექტრომაღვიძარა გაააქტიურა და რიკ დეკარდი სუსტი, სასიამოვნო ელექტროიმპულსით გააღვიძა. რიკი საწოლიდან გაკვირვებული წამოდგა (მოულოდნელად გაღვიძებისას ყოველთვის ასე სჩვეოდა) და თავის ფერად პიჟამაში გამოწყობილი, გაიზმორა. იმავე წამს, მისმა ცოლმა, აირენმა, თავისი ნაცრისფერი, სევდიანი თვალები დააჭყიტა. ერთხანს ახამხამა, მერე ამოიკვნესა და სასწრაფოდ დახუჭა.

– „პენფილდი“ ძალიან მსუბუქზე გაქვს მომართული, – უთხრა რიკმა, – მოდი, გადავაყენებ და ისე გაიღვიძებ, რომ…

– ჩემს პარამეტრებს შეეშვი! – მკაცრად მოუჭრა აირენმა – გაღვიძება არ მინდა.

რიკი ცოლს გვერდით ჩამოუჯდა, დაიხარა და ნაზად დაუწყო ახსნა:

– ძვირფასო, თუ მოდულატორს უფრო მაღალ დონეზე დააყენებ, გაღვიძება სასიამოვნო პროცესი გახდება. მთელი აზრიც ამაშია. С დონე ისევე სწრაფად გამოგაფხიზლებს, როგორც მე (სინამდვილეში, რიკს მოდულატორი D დონეზე ჰქონდა მომართული). ის ნაზად მიეფერა ცოლის შიშველ, ფერმკრთალ მხრებს.

– მომაშორე ეგ პოლიციელის უხეში ხელები, – უთხრა აირენმა.

– არ ვარ პოლიციელი, – გაღიზიანდა რიკი, თუმცა ეს ემოცია არ ჰქონდა არჩეული.

– უარესი ხარ, – კვლავ თვალდახუჭულმა უთხრა ცოლმა, – პოლიციელების დაქირავებული მკვლელი ხარ.

– ცხოვრებაში არც ერთი ცოცხალი ადამიანი არ მომიკლავს, – უპასუხა რიკმა და იგრძნო, რომ გაღიზიანება აშკარა მტრობაში გადაეზარდა.

– მხოლოდ იმ უბედურ ანდებს ერჩი, – მიუგო აირენმა.

– ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩემი ბინძური საქმეებით ნაშოვნს ფულს ათას სისულელეში სწორედ შენ ხარჯავ.

რიკი წამოდგა, ოთახში უაზროდ გაიარ-გამოიარა და თავის „განწყობის მექანიზმთან“ შეჩერდა.

– იმის ნაცვლად, – განაგრძო მან, – რომ დავაგროვოთ და ნამდვილი ცხვარი ვიყიდოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გამოვცვალოთ ის ყალბი, ელექტრონული სისულელე, ზემოთ რომ გვყავს?! ვერ ვხვდები, რა საჭიროა ხელოვნური ცხოველი. თან როცა იმდენს შოულობ, რამდენსაც მე ეს ბოლო წლებია, – რიკი მექანიზმს მიაჩერდა და ერთხანს შეყოყმანდა. არ იცოდა, რომელი აერჩია: თალამოდეპრესანტი (რომელიც უეცარ სიბრაზეს დაუცხრობდა) თუ თალამოსტიმულატორი (რომელიც საბოლოოდ აღაგზნებდა და კამათში გამარჯვებას მოუტანდა).

– თუ გაძლიერებულ ზიზღს აკრეფ, მეც ასე მოვიქცევი! – დაემუქრა აირენი, – მაქსიმალურ დონეს ავირჩევ და ისეთ სკანდალს მოვაწყობ, ჩვენი ყველა უწინდელი კამათი სასაცილოდ მოგეჩვენება. აკრიფე და ნახავ… მიდი, სცადე! – აირენი მსუბუქად წამოხტა, თავის მოწყობილობასთან დადგა და რიკს ღვარძლიანად მიაჩერდა.

– დღევანდელი გრაფიკის კოდს ავკრეფ, – ამოიოხრა რიკმა და 1992 წლის 3 იანვრის განრიგს ჩახედა: „საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება“,- თუ ამას ავკრეფ, მპირდები, რომ შენც ასე მოიქცევი? – ფრთხილად ჰკითხა ცოლს, სცადა, ზედმეტი ინიციატივა არ გამოეჩინა, ისე დალოდებოდა მის გადაწყვეტილებას.

– დღეს მე ექვსსაათიან დეპრესიას ვაპირებ, – მიუგო აირენმა.

– რაო? ეგ რატომ დაგეგმე? – ეს ხომ მთლიანად ეწინააღმდეგებოდა „განწყობის მოდულატორის“ არსებობის იდეას, – არც კი ვიცოდი, მაგის არჩევა თუ შეგეძლო, – დაამატა რიკმა სევდიანად.

– ერთ საღამოს სახლში ვიჯექი, – აუხსნა ცოლმა, – და როგორც ყოველთვის, „ბასტერ ფრენდლისა და მის მეგობრულ მეგობრებს“ ვუყურებდი. იმ მომენტში, როცა მას ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზი უნდა გაეცხადებინა, რეკლამა გაუშვეს. ხომ იცი, „მაუნტიბანკის“ რეკლამა როგორ მძულს. ამიტომაც ერთი წუთით ტელევიზორს ხმა გავუთიშე და გავიგონე, რომ ჩვენი შენობა… ეს შენობა… გავიგონე, რომ… – აირენმა ხელები აიქნია.

– ცარიელია, – დაასრულა რიკმა.

ხანდახან ეს სიცარიელე მასაც ესმოდა. მაშინაც კი, როცა წესით უნდა სძინებოდა. დღემდე ეს ნახევრად სავსე კორპუსები მჭიდროდ დასახლებულ შენობებად ითვლებოდა. თურმე, იმ ადგილებში, რომლებსაც ომამდე გარეუბნებს უწოდებდნენ, სრულიად ცარიელ შენობებსაც აღმოაჩენდით… ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. რა თქმა უნდა, რიკი ამ ინფორმაციას სხვებისგან იგებდა. უმრავლესობის მსგავსად, საკუთარი თვალით ამის ნახვა მას არ უნდოდა.

– იმ დროს, როცა ტელევიზორს ხმა გავუთიშე, „განწყობა 382“ მქონდა ჩართული, – განაგრძო აირენმა, – მართალია, ეს სიცარიელე გონებით აღვიქვი, მაგრამ ვერაფრით ვიგრძენი. ჩემი პირველი რეაქცია კმაყოფილება იყო. კმაყოფილება, რომ „პენფილდის“ მოდულატორები გვაქვს. სადღაც წავიკითხე, რამდენად არაჯანსაღია ეს ყველაფერი: გრძნობდე, როგორია ეს ახლებური ცხოვრება, არა მხოლოდ ამ შენობაში, ყველგან, მაგრამ რეაქცია არ გქონდეს. ხვდები რას ვამბობ? ალბათ, ვერა… ადრე ამას ფსიქიკურ დაავადებად თვლიდნენ, „ადეკვატური შეფასების ნაკლებობა“ ერქვა… ამიტომ ტელევიზორი უხმოზე დავტოვე, „გაწყობის მოდულატორი“ მოვიმარჯვე და ექსპერიმენტი ჩავატარე. საბოლოოდ, სასოწარკვეთის რეჟიმს მივაგენი, – ქალს სახეზე კმაყოფილება გამოეხატა, თითქოს, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოეჩინოს, – შემდეგ, ჩემს განრიგში ჩავსვი. თვეში ორჯერ. ვფიქრობ, ეს საკმარისი დროა საიმისოდ, რომ საყოველთაო უიმედობა იგრძნო. დედამიწაზე დარჩენის სევდა, მაშინ, როცა ყველა გადასახლდა. შენ ასე არ ფიქრობ?

– მაინც, – გააპროტესტა რიკმა, – ასეთ განწყობაში დარჩენილმა, შეიძლება რეჟიმის შეცვლა აღარც მოისურვო და ღრმა დეპრესიაში ჩავარდე. ასეთი სასოწარკვეთა გამანადგურებელია.

– სამ საათში ავტომატურ გადატვირთვას ვაყენებ, – მშვიდად უპასუხა ქალმა, –A481: „სხვადასხვა სამომავლო პერსპექტივების აღმოჩენა და გაცნობიერება“. იმედი, რომ…

– ვიცი, 481 რაც არის, – შეაწყვეტინა რიკმა. ამ კომბინაციას დიდად ენდობოდა და ხშირადაც აუკრეფია, – მისმინე, – რიკი თავის საწოლზე ჩამოჯდა და ცოლს ხელები ნაზად ჩაჰკიდა, იფიქრა, გვერდით მოვისვამო, – ნებისმიერი სახის დეპრესული რეჟიმი, ავტომატური გათიშვის ფუნქციითაც კი, ძალზე სახიფათოა. მოდი, დაივიწყე, რაც აირჩიე. მეც იმავეს ვიზამ. ორივემ 104 ავკრიფოთ და ერთად განვიცადოთ. მერე შენ სახლში დარჩი, მე კი ჩვეულებრივ საქმიან განწყობაზე გადავალ. ამგვარად, მომინდება, სახურავზე ავიდე, ცხვარს დავხედო და მერე ოფისში წავიდე. თანაც, მეცოდინება, რომ შენ აქ უტელევიზოროდ არ ხარ გამოკეტილი.

რიკმა ცოლის თხელ, გრძელ თითებს ხელი გაუშვა, ვრცელი საძინებელი გადაჭრა და სასტუმრო ოთახში გავიდა, რომელშიც წუხანდელი სიგარეტის მსუბუქი სუნი იდგა. რიკი დაიხარა და ტელევიზორი ჩართო.

– საუზმემდე ტელევიზორს ვერ ვიტან, – გამოსძახა აირენის ხმამ საძინებლიდან.

– 888 აკრიფე, – უპასუხა რიკმა სანამ ტელევიზორის ყუთი თბებოდა, – „ტელევიზორის ყურების სურვილი, მიუხედავად იმისა, რა გადის იქ“.

– ახლა არაფრის აკრეფის სურვილი არ მაქვს, – გაჯიუტდა აირენი.

– მაშინ ყველაზე მარტივი შეიყვანე – 3.

– არ მინდა რეჟიმი, რომელიც ჩემს ტვინში ახალი რეჟიმის აკრეფის იმპულსს აჩენს! როცა ვამბობ, რომ არ მინდა არაფრის აკრეფა, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფრის განწყობაზე არა ვარ და არც ის მინდა, რომელიმე რეჟიმის განწყობაზე ვიყო. ახლა მხოლოდ აქ ჯდომა და იატაკის ყურება მიშველის! – აირენს ხმაში საშინელი დაღლილობა გამოერია. სხეული უძრავი გაუხდა, თითქოს სული გაეყინა, ან რაღაც საშინლად მძიმე, ინერტული და უხილავი მასა დაეუფლა.

რიკმა ტელევიზორს აუწია. ბასტერ ფრენდლის ხმამ ოთახი აავსო:

– მეგობრებო, ახლა კი დროა, დღევანდელი ამინდის პროგნოზს გავეცნოთ! თანამგზავრ „მანგუსტიდან“ გვაცნობეს, რომ რადიოაქტიური ნალექები განსაკუთრებით საგრძნობი შუადღით იქნება, საღამოსთვის კი ოდნავ შემცირდება. ასე რომ, მეგობრებო, თუ რომელიმე თქვენგანი გარეთ გასეირნებას გეგმავთ…

საძინებლიდან გრძელი ღამის პერანგის ფრიალით აირენი გამოვიდა, ტელევიზორი გამორთო და რიკს მიაჩერდა.

– კარგი, გნებდები. რასაც მეტყვი, იმას ავკრეფ: „მოზღვავებული სექსუალური სიამოვნების რეჟიმი“?… კი ბატონო, ახლა ისე ცუდად ვარ, ყველაფერს ავიტან. ჯანდაბა, რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ?!

– ორივესთვის მე ავკრეფ, – გაუღიმა რიკმა და ცოლი საძინებელში გაიყვანა.

იქ, აირენის აპარატზე მან „რეჟიმი 594“ შეიყვანა: „სასიამოვნო ცოდნა იმისა, რომ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ქმრის აზრი უპირატესია“. საკუთარ მოწყობილობაზე „საქმის მიმართ კრეატიული და არასტანდარტული მიდგომა“ აირჩია. თუმცა, ამ განწყობას ისე იყო მიჩვეული, „პენფილდის“ ხელოვნური სტიმულაცია დიდი ხანია აღარ სჭირდებოდა.

***
რიკმა სწრაფად ისაუზმა (ცოლთან კამათში ისედაც დიდი დრო დაეკარგა) და თავიდან ფეხებამდე საგარეოდ გამოეწყო („მაუნტიბანკის“ ფირმის „აიაქსის“ მოდელის ტყვიისგან დამზადებული უბის საფარველიც ამოიცვა), რომ ცხვრის მონახულების შემდეგ პირდაპირ სამსახურში წასულიყო. რიკი წამოდგა, ცოლს დაემშვიდობა და სახურავზე ავიდა, სადაც ცხოველი (სინამდვილეში, ელექტრონული მოწყობილობა) სპეციალური სტიმულატორით დაპროგრამირებულ ხმამაღალი კმაყოფილების ხმებს გამოსცემდა და რიკის მეზობლების გაცურებას მონდომებით ცდილობდა.

ცხოველთა უმრავლესობა, რიკის ცხვრისა არ იყოს, სხვადასხვა კომპლექსური ელექტრონული კონტურებისა და სქემებისაგან შედგებოდა და საკმაოდ მაღალხარისხიან ნაყალბევს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უზრდელობად ითვლებოდა. ასე აღარავინ იქცეოდა – არც რიკი, არც მისი მეზობლები. საშინელ უტაქტობაში ჩამოგართმევდნენ, თუკი, მაგალითად, ვინმეს ჰკითხავდი: „შენი ცხვარი ნამდვილია?“ ეს იმაზე უარეს დანაშაულად ითვლებოდა, ნებისმიერი მოქალაქის კბილების, თმისა თუ შინაგანი ორგანოების ავთენტურობაში რომ შეგეტანა ეჭვი.

დილის ჰაერი ნაცრისფერი იყო. რადიოაქტიური მტვრის ნალექები მზეს ფარავდა და რიკის ყნოსვას აწუხებდა. ის ხშირად აცემინებდა და უნებლიეთ, სიკვდილის მომწამვლელ გემოს გრძნობდა. რიკმა ამ ნეგატიური ფიქრებისგან თავის დაღწევა სცადა და იმ შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე შეაბიჯა, უზარმაზარ ბინასთან ერთად რომ ეკუთვნოდა.

გარკვეული დროის შემდეგ, მესამე მსოფლიო ომის გავლენა შესუსტდა. მათი სახელი, ვინც რადიოაქტიურ მტვერს ვერ გადაურჩა, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. ხოლო მტვერი, ახლა გაცილებით სუსტი, ვიდრე ოდესმე, ცოცხლად დარჩენილთ მხოლოდ გონების არევითა და გამრავლების უნარის დასუსტებდით ემუქრებოდა. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც რიკი ემიგრაციაზე უარს აცხადებდა, მიუხედავად ტყვიისაგან დამზადებული ტანსაცმლისა, რომელსაც ყოველდღიურად ხმარობდა, მტვერი მის კანში აღწევდა და შავ ლაქებად რჩებოდა. ყოველთვიური სამედიცინო შემოწმებები ჯერ-ჯერობით გამრავლების უნარის მქონე, ჯანმრთელ მამაკაცად აღიარებდა. თუმცა, ნებისმიერ თვეს სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტის გამომცდელ ექიმებს სხვა დასკვნის გაკეთება შეეძლოთ. წლიდან წლამდე ქვეყანაში ახალი ტიპის სპეციალისტები ჩნდებოდნენ, რომლებიც ამ ყოვლისმომცველი მტვრის გამო რეგულარებს მარტივად გარდაქმნიდნენ. ყველა აფიშიდან, სატელევიზიო რეკლამიდან თუ მთავრობის მიერ დარიგებული უაზრო წერილებიდან ერთი და იგივე ციტატა იუწყებოდა: „გახდი ემიგრანტი, ან დეგენერირდი! არჩევანი შენზეა!“

„რამხელა სისულელეა! მაგრამ სიმართლე“, – გაიფიქრა რიკმა, თავისი პატარა საძოვრის კარი გამოაღო და ცხვარს მიუახლოვდა. „მაგრამ მე სამსახურის გამო ვერ გადავსახლდები“, უთხრა მან საკუთარ თავს.

რიკს მოსაზღვრე მიწისმფლობელი, მისი მეზობელი ბილ ბარბო მიესალმა. ისიც, რიკის მსგავსად, სამსახურისთვის გამოწყობილიყო, რომ ცხოველის მონახულების შემდეგ სახლში ჩასვლა აღარ დასჭირვებოდა.

– ჩემი ცხენი მაკედაა, – ზარ-ზეიმით წამოიწყო ბარბომ და ღიმილად იქცა. მან ხელი უზარმაზარი, ზორბა პერშერონისკენ გაიშვირა, რომელიც უაზროდ იყურებოდა შორს, – ამაზე რას იტყვით?

– რომ მალე ორი ცხენი გეყოლებათ, – მიუგო რიკმა და თავის ცხვარს მიუახლოვდა, რომელიც მდუმარედ იწვა და თავისი ხელოვნური თვალებით პატრონს მომლოდინედ აკვირდებოდა, შემთხვევით შვრია ხომ არ მომიტანაო. რიკის ცხვარს კორპუსში სპეციალური ბლოკი ჰქონდა ჩამონტაჟებული, რის წყალობითაც შვრიის დანახვისას ან მისი მარცვლების სუნის შეგრძნებისას ცხოველი ფეხზე წამოიჭრებოდა და პატრონს გახარებული ახტებოდა.

– თქვენი ცხენი როგორ დამაკდა? – ჰკითხა რიკმა, – ქარით?

– კალიფორნიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის პლაზმური სასუქი ვიყიდე – აუხსნა ბარბომ, – „სახელწიფო მეცხოველეობის ფორუმში“ ნაცნობები მყავს. არ გახსოვთ, წინა კვირას მათი ინსპექტორი აქ რომ იყო და ჯუდის სინჯავდა? ერთი სული აქვთ, მისი კვიცი ხელში ჩაიგდონ. ჯუდი, მოგეხსენებათ, თავის გვარში გამორჩეული ცხენია.

ბარბო თავის ცხოველს კისერზე ნაზად მიეფერა. ცხენმა თავი მისკენ მიაბრუნა.

– ცხენის გაყიდვაზე არასდროს გიფიქრიათ? – ჰკითხა რიკმა.

ის ღმერთს სთხოვდა, მისთვისაც მიეცა ნამდვილი ცხენი. ან ნებისმიერი სხვა, რეალური არსება. ყალბი ცხოველის ყოლა ნებისმიერს ჭკუიდან შეშლიდა. თუმცა, სოციალური გადმოსახედიდან, ეს აუცილებლობას წარმოადგენდა – არარეალური არსების ყოლა, რომელიც რეალურ სიცარიელეს ავსებდა. შესაბამისად, რიკს სხვა გზა არ რჩებოდა. ეგეც რომ არა, მის ცოლს, აირენს, ეს ყველაფერი ძალიან სჭირდებოდა.

– ამ ცხენის გაყიდვა ამორალური საქციელი იქნებოდა, – მიუგო ბარბომ.

– მაშინ კვიცი გაყიდეთ. ორი ცხოველის ყოლა უფრო ამორალურია, ვიდრე – არც ერთის.

– რას გულისხმობთ, – გაიკვირვა ბარბომ, – უამრავ ადამიანს ჰყავს ორი ცხოველი. ზოგს სამი, ოთხიც. აი, მაგალითად, ფრედ უოშბორნს, რომელიც წყალმცენარეების დამამუშავებელ ფირმას ფლობს, სადაც ჩემი ძმა მუშაობს – ხუთი ჰყავს! არ წაგიკითხავთ სტატია გუშინდელ „ქრონიკაში“ მისი იხვის შესახებ? დასავლეთის სანაპიროზე ყველაზე დიდი და მძიმეწონიანი მოსკოვური ჯიშის იხვი ჰყავს.

კაცს თვალები გაუშტერდა და დროებით ტრანსში ჩავარდა.

რიკმა ქურთუკის ჯიბეები მოიჩხრიკა და დაჭმუჭნილი, კარგად შესწავლილი „სიდნეის ცხოველთა და ფრინველთა იანვრის კატალოგი“ დააძრო. სარჩევში კვიცები (ცხენის ნაშიერი სამ წლამდე) მოძებნა და მათ ეროვნულ ფასებს ჩახედა.

– პერშერონის კვიცს სიდნეიდან ხუთი ათას დოლარად ვიყიდი, – წარმოთქვა საკმაოდ ხმამაღლა.

– ვერ იყიდით, – განუცხადა ბარბომ, – ჩამონათვალს კარგად დააკვირდით, დახრილად წერია. რაც იმას ნიშნავს, რომ მარაგში აღარ ჰყავთ, მაგრამ რომ ჰყავდეთ, ეგ ფასი ექნებოდა.

– ხუთი ათას დოლარს თქვენ გადაგიხდით, – უთხრა რიკმა, – ათი თვის განმავლობაში. ზუსტად ისე, როგორც კატალოგშია.

– დეკარდ, ცხენებისა არაფერი გაგეგება, – უპასუხა ბარბომ და სახეზე სიბრალული დაეტყო, – არსებობს მიზეზი, რატომაც აღარ ჰყავთ პერშერონის კვიცები სიდნეიში. ამ ჯიშის კვიცები კატალოგის ფასებადაც არ იყიდება. ეს სახეობა უიშვიათესი და უნიკალურია, – მეზობელი საერთო ღობეზე გადაიხარა და ხელებით ლაპარაკს მოჰყვა. – ჯუდი სამი წელია მყავს და ჯერ მისი შესაფერისი ფაშატი პერშერონი არ შემხვედრია. მის საყიდლად კანადაში მომიწია ჩასვლა. იქიდან კი ჩემი ფეხით წამოვიყვანე, რომ არავის მოეპარა. ასეთი ცხოველით კოლორადოსა ან ვაიომინგში რომ აღმოჩნდე, მაშინვე უნაგირიდან ჩამოგაგდებენ და მოგტაცებენ. და იცით რატომ? ადრე, მესამე მსოფლიო ომამდე, არსებობდა ასობით…

– კი, მაგრამ, – შეაწყვეტინა რიკმა, – თქვენ ორი ცხენი გყავდეთ, მე კი – არც ერთი?! ეს ხომ მერსერიზმის ყველა ძირითად თეოლოგიურსა თუ მორალურ კანონს არღვევს?

– ჯანდაბა, ცხვარი ხომ გყავთ! შესაბამისად, უფლება გაქვთ, ცხოვრება გულმშვიდად განაგრძოთ. ამგვარად, თანაგრძნობის გავლით, ღირსების მწვერვალს მიაღწევთ! უდავოდ, მე რომ ორი ცხოველი მყოლოდა, თქვენ კი არც ერთი, ყველაფერს ვიღონებდი, მერსერთან უსიამოვნებისგან დამეხსენით. მაგრამ ამ შენობაში ყველა ოჯახს… მოდით, დავთვალოთ, თითქმის ორმოცდაათი გამოდის… თითო ოჯახი, ყოველ მესამე ბინაზე, როგორც მე გამოვთვალე… მოკლედ, ყველა ჩვენგანს ჰყავს საკუთარი, რაიმე სახის ცხოველი. გრეივსონს, აი, იქ, ქათამი ჰყავს, – ბარბომ ხელი ჩრდილოეთისკენ გაიშვირა, – ოუკსა და მის ცოლს – უზარმაზარი წითელი ძაღლი, ღამღამობით რომ ყეფს, – შემდეგ ცოტა ხნით ჩაფიქრდა, – მგონი, ედ სმიტს კატა თავის ბინაში ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს, თუმცა კატა თვალითაც არავის უნახავს. შეიძლება, უბრალოდ იგონებს.

რიკი თავის ცხვარს მიუახლოვდა, დაიხარა და ხელი მატყლში შეუცურა (რომელიც ნამდვილი იყო), თითებით იმას მიაგნო, რასაც ეძებდა: მექანიზმის დამალულ კონტროლის პანელს. პანელს თავსახური ბარბოს დასანახად მოხსნა და ფრთხილად მიმართა:

– ხედავთ? ახლა ხვდებით, რატომ მინდა ასე ძალიან თქვენი კვიცი?

– საბრალოვ, – პაუზის შემდეგ ამოღერღა ბარბომ, – სულ ასეთი იყო?

– არა, – მიუგო რიკმა.

პანელს თავსახური მოარგო, თავის ელექტრონულ ცხვარს გვერდით ამოუდგა, მეზობელს თვალი გაუსწორა და აუხსნა:

– ადრე ნამდვილი ცხვარი მყავდა. ჩემი მეუღლის მამამ გვაჩუქა ემიგრაციის წინ. გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ, ვეტერინართან წავიყვანე. იმ დილას თქვენც აქ იყავით, მიწაზე დაგდებული რომ ვიპოვე და ვერაფრით წამოვაყენე.

– ჰო, გამახსენდა, – თავი დაუქნია ბარბომ, – როგორც იქნა, ფეხზე დადგა, მაგრამ ორი წუთიც არ იყო გასული, ისევ წაიქცა.

– ცხვრებს უცნაური დაავადებები აქვთ, – განაგრძო რიკმა, – მარტივად რომ ვთქვათ, ყოველთვის ერთნაირი სიმპტომები ახასიათებთ. ფეხზე ვერ დგებიან და ვერაფრით გაარკვევ, რამდენად სერიოზულადაა საქმე. ვერ მიხვდები, უბრალოდ, ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული თუ ტეტანუსის ბრალია. ჩემი ცხვარი სწორედ ასე მოკვდა, ტეტანუსით.

– ტეტანუსით? აქ, სახურავზე?

– თივის ბრალია, – აუხსნა რიკმა, – ეტყობა, ერთხელ თივა კარგად არ გავასუფთავე, ყველა მავთული ვერ გამოვაცალე და გრაუჩოს – ასე ერქვა ცხვარს – სხეული გაეჩხაპნა. ასე შეეყარა ტეტანუსი. ვეტერინართან წავიყვანე და იქვე მოკვდა. ცოტა ხანს ვიფიქრე,. მერე იმ მაღაზიაში დავრეკე, რომელშიც ასეთ ხელოვნურ ცხოველებს ამზადებენ. გრაუჩოს ფოტო მივუტანე და ეს ამიწყვეს, – მან ხელი გაიშვირა ცხვრის შემცვლელისკენ, რომელიც ჯერ კიდევ იცოხნებოდა და შვრიას კვლავ ელოდა, – პრემიუმ კლასის ნამუშევარია. ისეთივე დროსა და ყურადღებას ვუთმობ, როგორც ნამდვილს. მაგრამ…

რიკმა მხრები აიჩეჩა.

– ნამდვილი არ არის, – დაასრულა ბარბომ მის ნაცვლად.

– თითქმის. ისეთივე ყურადღება და მოვლა სჭირდება, როგორც ცოცხალს. საკმაოდ მარტივად ზიანდებიან და თუ დროზე არ მიხედე, მეზობლებს ვეღარ გააცურებ. უკვე ექვსჯერ მყავდა შესაკეთებლად. ძირითადად პატარა ხარვეზები იყო, მაგრამ ვინმეს რომ შეემჩნია… ერთხელ, ხმის ფირი გაფუჭდა, ან უბრალოდ ჩაიხვია და გაუთავებლად ბღაოდა „ბეეეე“… მაშინვე მიხვდებოდი, რომ მექანიკური ცხოველია. კიდევ კარგი, შემკეთებელი კომპანიის მანქანას „ცხოველთა საავადმყოფო“ თუ რაღაც ეგეთი აწერია. მძღოლიც სულ თეთრებშია გამოწყობილი, კარგი ვეტერინარივით.

რიკს უცებ დრო გაახსენდა და საათზე დაიხედა.

– სამსახურში უნდა გავიქცე, – მიმართა ბარბოს, – საღამოს გნახავთ.

მანქანისკენ მიმავალს ბარბოს ხმა შემოესმა:

– შეგიძლია, მშვიდად იყო… არავის არაფერს ვეტყვი.

რიკი შეჩერდა. უეცარმა სასოწარკვეთამ, რომელიც დილით აირენმა ახსენა, ძველი მეგობარივით მხარზე დაჰკრა ხელი. შემდეგ, მეზობელს მიუბრუნდა:

– არ ვიცი, იქნებ აზრიც არა აქვს…

– როგორ არა, ზემოდან ყურებას დაგიწყებენ. რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი. მოგეხსენებათ, ხალხი ცხოველების მოვლაზე უარის თქმას როგორც უყურებს. თითქოს ამაზე დიდი ამორალური საქციელი არ არსებობდეს. თითქოს ასეთ ადამიანს არ გააჩნია სინდისი და თანაგრძნობის უნარი. მესამე მსოფლიო ომის შემდეგ ეს შეხედულება ოდნავ მინელდა, მაგრამ საბოლოოდ ჯერ არ გამქრალა.

– ღმერთო ჩემო! – ამოიგმინა რიკმა და ხელები გაშალა, – ძალიან მინდა ცხოველი მყავდეს. ვცდილობ, ერთი მაინც ვიყიდო, მაგრამ იმ ხელფასით, რომელსაც ქალაქის უბრალო თანამშრომელი იღებს…

„იქნებ, – გაიფიქრა მან, – სამსახურში ისევე გამიღიმოს ბედმა, როგორც ორი წლის წინ, როცა ერთ თვეში ოთხი ანდროიდი ჩამივარდა ხელში. ნეტავ, მაშინ მცოდნოდა, რომ გრაუჩო მოკვდებოდა… მაგრამ ეს ტეტანუსამდე იყო, იმ ხუთსანტიმეტრიან მავთულამდე, კანქვეშ რომ შეერჭო საინექციო ნემსივით“.

– შეგიძლიათ, კატა შეიძინოთ, – შესთავაზა ბარბომ, – იაფად იშოვით, „სიდნეის კატალოგს“ კარგად ჩახედეთ.

– სახლის ცხოველი არ მინდა, – თქვა რიკმა ხმადაბლა, – მინდა, ძველებურად დიდი ცხოველი მყავდეს. ცხვარი, ან თუ საკმარისი ფული ვიშოვე, ძროხა, მოზვერი, ან ცხენი, თქვენ როგორიც გყავთ.

„ხუთი ანდროიდის მწყობრიდან გამოყვანის საფასური საკმარისი იქნებოდა, – გაიფიქრა მან, – თითოში ათას დოლარს მომცემენ. ჩემს ხელფასზე გაცილებით მეტს. მერე, ვიღაცის დახმარებით იმას ვიყიდი, რაც მე მინდა. თუნდაც „სიდნეის ცხოველთა და ფრინველთა კატალოგში“ დახრილად იყოს აღნიშნული. ხუთი ათასი დოლარი… თუმცა ამისთვის ჯერ ხუთი ანდი ნებისმიერი კოლონიური პლანეტიდან დედამიწაზე უნდა აღმოჩნდეს. ამას ხომ მე ვერ ვაკონტროლებ? ხუთი მათგანის აქ შემოტყუება რომც მოვახერხო, ქვეყანაში პოლიციის სააგენტოებთან შეთანხმებული კიდევ ბევრი სხვა ანდროიდებზე მონადირეცაა . თან ეს ანდროიდები სპეციალურად ჩემთვის, ჩრდილოეთ კალიფორნიაში უნდა დასახლდნენ. ამ რაიონის უხუცესი თავებზე მონადირე დეივ ჰოლდენი კი ან უნდა მოკვდეს, ან პენსიაში გავიდეს“.

– ჭრიჭინა იყიდეთ, – გაეხუმრა ბარბო, – ან თაგვი. ოცდახუთ დოლარად კარგად ჩასუქებული თაგვის ყიდვა შეიძლება.

– შეიძლება, ერთ დღეს თქვენი ცხენიც მოკვდეს მოულოდნელად, – მიუგო რიკმა პირქუშად, – როგორც გრაუჩო მოკვდა. დღეს საღამოს, სამსახურიდან შინ დაბრუნებულს, შეიძლება წაქცეული დაგხვდეთ. ფეხები ზემოთ ჰქონდეს აფშეკილი, საცოდავი მწერივით. ჭრიჭინასავით, თქვენ რომ ახსენეთ…

რიკი სასწრაფოდ გაეცალა მეზობელს. ხელში მანქანის გასაღები ეჭირა.

– მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ, – აღელვებით მიაძახა ბარბომ.

რიკ დეკარდმა თავისი მფრინავი მანქანის კარი უხმოდ გააღო. მეზობლისთვის სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, მხოლოდ სამუშაო დღეზე ფიქრობდა.

თავი მეორე

გიგანტური შენობა, რომელიც ოდესღაც ათასობით ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა, ახლა ნახევრად დანგრეული და სრულიად ცარიელი იდგა. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ერთ ოთახში მდგარი ტელევიზორიდან მომავალი გაუთავებელი რეკლამების ხმა არღვევდა.

მესამე მსოფლიო ომამდე ეს მიყრუებული ტერიტორია საკმაოდ სუფთა და მოვლილ ადგილად ითვლებოდა. ეს გახლდათ სან-ფრანცისკოს გარეუბანი, რომლიდანაც ქალაქის ცენტრში მოხერხებული მონო-რელსით მარტივად და სწრაფად მოხვდებოდი. მთელ უბანს ჟივილ-ხივილი ქაჰქონდა, როგორც ჩიტებით სავსე ხეს; ყველას საკუთარი მოსაზრება და საჩივარი ჰქონდა. შემდეგ მოსახლეობის ნახევარი გაწყდა, დანარჩენები კი კოლონიებში გადასახლდნენ. მიუხედავად პენტაგონის იმედისმომცემი წინასწარმეტყველებისა, ომი საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება აღმოჩნდა. ამას ვარაუდობდა პენტაგონთან არსებული თავდაჯერებული სამეცნიერო კორპუსი – „რანდ კორპორეიშენიც“, რომელიც თავის დროზე ამ ნანგრევებიდან არც ისე შორს მდებარეობდა. კორპორაციის წევრები, ამ საცხოვრებელი შენობის მოსახლეთა მსგავსად, თავის გადარჩენის მიზნით, დიდი ხნის წინ უკვალოდ გაქრნენ. თუმცა, ეს დანაკარგი არავის უგრძნია.

ამ ყველაფერს ემატებოდა ერთი საინტერესო ფაქტი: აღარავის ახსოვდა სინამდვილეში რატომ დაიწყო ომი, ან საბოლოოდ რომელმა მხარემ (თუკი ასეთი არსებობდა) გაიმარჯვა. მტვერი, რომელიც პლანეტის ზედაპირს ფარავდა, არც ერთ ქვეყანაში არ შეუქმნიათ. ომის პერიოდშიც კი მისი, როგორც საბრძოლო იარაღის, დამზადების იდეა თავში აზრადაც არავის მოსვლია. პირველად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბუები გაწყდნენ. თავიდან სახალისოც კი იყო, მსუქანი, ფუმფულა, თეთრი ფრინველები რომ ეყარა აქა-იქ, ეზოებსა და ქუჩებში. ცოცხლად დარჩენილი ბუები თვალში აღარავის მოხვედრია, რადგან ძველებური ჩვევის თანახმად, მათ მხოლოდ გამთენიის ბინდში უყვარდათ ფრენა (ამის მსგავსად, შუა საუკუნეებში, შავმა ჭირმა პირველად ვირთხებში იჩინა თავი). სამწუხაროდ, ეს ჭირი დედამიწაზე ზეციდან დაეშვა.

ბუების შემდეგ სხვა ფრინველებმაც იწყეს უეცრად სიკვდილი, მაგრამ იმ დროისთვის პრობლემის სიმძიმე უკვე შემჩნეული იყო. პატარ-პატარა კოლონიზაციის პროგრამები ომამდეც მოდაში იყო, მაგრამ როცა მზის სხივები დედამიწაზე თითქმის ვეღარ აღწევდა, კოლონიზაციის იდეამ ახალ ფაზაში გადაინაცვლა. ამის გამო ომის მთავარი იარაღი – „თავისუფლების სინთეტიკური მებრძოლი“ – სასწრაფოდ შეიცვალა და მოდიფიცირდა. ჰუმანოიდი რობოტების (უფრო ზუსტად კი, ორგანული ანდროიდის) ახალ მოდელებს უცხო პლანეტებზე აქტივობის ფუნქცია დაემატა და კოლონიზაციის პროგრამის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. „გაერთიანებული ერების“ კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ ემიგრანტს უფლება მიეცა, საკუთარი სურვილით აერჩია და ჰყოლოდა ნებისმიერი ქვეტიპის ანდროიდი. 1990 წლისთვის ქვეტიპების მრავალფეროვნებამ 60-იანი წლების ამერიკული ავტომობილების რაოდენობას გადააჭარბა.

ემიგრაციის მთავარ სტიმულადაც სწორედ ეს ორი რამ იქცა: ერთი მხრივ მსახური ანდროიდი, რომელიც ნებისმიერ სურვილს აკმაყოფილებდა და მეორე მხრივ – რადიოაქტიური მტვერი, რომელსაც სასწრაფოდ უნდა გასცლოდა ყველა. „გაერთიანებულმა ერებმა“ ემიგრაცია საკმაოდ მარტივ და მოსახერხებელ პროცესად აქცია. რთული დარჩენა გახდა, თითქმის შეუძლებელიც. დედამიწაზე დიდხანს გაჩერება ნებისმიერს ავტომატურად „ბიოლოგიურად უსარგებლოთა კლასში“ აქცევდა, რომელიც ადამიანთა რასის სიწმინდეს უქმნიდა საფრთხეს. ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სპეციალად გამოაცხადებდნენ, სტერილიზაციის კურსის გავლის შემდეგაც კი წარსულის ნაწილი ხდებოდა და აღარავის აღელვებდა. ის, უბრალოდ, ადამიანთა მოდგმის ნაწილად ყოფნას უსვამდა წერტილს. ზოგიერთმა ემიგრაციაზე მაინც განაცხადა უარი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხვდებოდნენ ამ გადაწყვეტილების ირაციონალურობას. ნებისმიერი რეგულარისთვის ლოგიკურ მომავალს სწორედ ემიგრაცია წარმოადგენდა. ზოგიერთს დეფორმირებული დედამიწა ძველებურად მშობლიურ მიწად მიაჩნდა და მისი დატოვება უდიდეს ტკივილს უქადდა. ზოგიერთი იმედოვნებდა, რომ მტვრის სქელი მასა ნელ-ნელა დაილექებოდა და საბოლოოდ გაქრებოდა. ყოველ შემთხვევაში, დედამიწას ათასობით ინდივიდი შემორჩა და პატარა თანავარსკვლავედების მსგავსად, ერთმანეთთან ახლოს, ურბანულ მიდამოებში განაგრძეს ცხოვრება. თუმცა, ზოგიერთი საეჭვო პირი სრულიად განცალკევებით, აბსოლუტურად მიყრუებულ, მიტოვებულ ადგილებში ბუდობდა.

ჯონ ისიდორი, წვერის პარსვისას ტელევიზორის გაუთავებელი რეკლამების ხმა რომ სწვდებოდა, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ…

ამ ადგილს ომის შემდგომ დღეებში შემთხვევით წააწყდა. იმ ბნელ ხანაში დანამდვილებით არავინ იცოდა, რას ფიქრობდა სხვა. ომის გამო დანამცეცებული მოსახლეობა ერთი რეგიონიდან მეორეში უმისამართოდ ხეტიალობდა. მაშინდელი რადიოაქტიური მტვერი არაერთგვაროვანი და შედარებით სუსტი იყო. ზოგიერთ შტატში თითქმის არც აღინიშნებოდა; ზოგში კი ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ხალხი მტვრის მოძრაობის შესაბამისად იცვლიდა ადგილს. სამხრეთ სან-ფრანცისკოს ეს მიდამოები თავიდან სუფთა ადგილად ითვლებოდა, ამიტომაც უამრავმა უსახლკარომ სწორედ მას შეაფარა თავი; როცა მტვერმა აქამდეც მოაღწია, ლტოლვილთა უმრავლესობა დაიღუპა, დანარჩენები კი გადასახლდნენ. ჯ. რ. ისიდორი დარჩა.

ტელევიზორი ჩვეულ ხმაზე განაგრძობდა:

,, …ზუსტად შეინარჩუნოთ ომამდელი პერიოდის სული! ჰუმანოიდი რობოტები შექმნილია სპეციალურად თქვენთვის, თქვენი განსაკუთრებული გემოვნებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად! პლანეტაზე ჩამოსვლისთანავე სრულიად უსასყიდლოდ გადმოგეცემათ, იდეალურად გამართული ანდროიდი, ზუსტად ისეთი, როგორსაც დედამიწიდან შეუკვეთავთ…”

და ასე, გაუთავებლად.

„ნეტავ, სამსახურში ხომ არ მაგვიანდება?“, გაიფიქრა ჯონ ისიდორმა, მაგრამ პარსვა არ დაუჩქარებია. ისიდორს საათი არ ჰქონდა, მაგრამ, როგორც წესი, ზუსტ დროს ყოველთვის ტელევიზორიდან იგებდა. თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა, „ინტერკოსმოსური ჰორიზონტების საერთაშორისო დღე“ ყოფილა. ტელევიზორი დილიდან ამტკიცებდა, რომ ეს ახალი ამერიკის შეერთებული შტატების მარსზე დაფუძნებდან მეხუთე (თუ მეექვსე?) წლისთავი იყო. თანაც, ნახევრად გაფუჭებული ტელევიზორი მხოლოდ ომის დროინდელ არხებს იჭერდა, რომლებიც მაშინ საქვეყნოდ იყო ცნობილი და ახლა ისიდორს კოლონიზაციის პროგრამის ერთადერთი სპონსორის – ვაშინგტონის მთავრობის – რეკლამების სმენა უწევდა.

– მოდით, ახლა მისის მეგი კლეგმანს მოვუსმინოთ, – შესთავაზა წამყვანმა ჯონს, რომელსაც მხოლოდ საათიაინტერესებდა, – მარსზე ახლად ემიგრირებულმა მისის კლეგმენმა ეს ინტერვიუ ნიუ-იორკში ცხოვრებისას ჩაწერა. ვნახოთ, რა აქვს სათქმელი… მისის კლეგმან, როგორ შეადარებდით დაბინძურებულ დედამიწაზე ყოფნას ამ ახალთახალ, ყველაფრით მოწყობილ საცხოვრებელს?

პაუზა. ცოტა ხანში შუახნის ქალის მშრალმა, დაღლილმა ხმამ უპასუხა:

– მგონი, პირველი, რაც მე და ჩემმა სამსულიანმა ოჯახმა ამ პლანეტაზე აღმოვაჩინეთ, ნამდვილი ღირსებაა.

– ღირსება, მისის კლეგმან? – ყალბად გაიკვირვა წამყვანმა.

– დიახ, – უპასუხა ქალმა, მარსზე გაშენებული ახალი ნიუ-იორკიდან – რთული ასახსნელია. ამ რთულ პერიოდში მსახურის ყოლა დიდი შვებაა… მომავლის იმედს არ ვკარგავ.

– მისის კლეგმან, გქონდათ თუ არა დედამიწაზე იმის შიში, – წამყვანმა ჩაახველა, – რომ სპეციალების კლასში აღმოჩნდებოდით?

– დიახ, მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვაშინებდა ეს, მაგრამ ემიგრაცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს შიში სამუდამოდ გამქრალიყო… ბედნიერი ვარ.

ჯონ ისიდორმა თავისთვის ცივად გაიფიქრა, ეგ შიში მეც გამიქრა, მაგრამ ამისთვის ემიგრაცია არ დამჭირვებიაო. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეციალად აღიარეს. ამის მიზეზი მხოლოდ მის ორგანიზმში მომხდარი გენეტიკური ცვლილებები არ ყოფილა – გონებრივი უნარების ტესტის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. მართალია, ამის გამო სპეციალურ კლასში არ გაუნაწილებიათ, უბრალოდ სულელს ეძახდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც გადარჩა. სამსახურიც იშოვა, ელექტრონული ცხოველების შემკეთებელი ფირმის – „ვან ნეს პეტ ჰოსპიტალის“ – მანქანას ატარებდა, რომლის უფროსი – ჰანიბალ სლოატი – ჩვეულებრივ ადამიანად აღიარებდა და ისიდორი ამას დიდად აფასებდა. თვითონ სლოატი ძველი ყაიდის, ერთობ პირქუში კაცი იყო. ` MORS CERTA, HORA INCERTA!” („ყველაზე განსაზღვრული რამ ცხოვრებაში სიკვდილია, ხოლო ყველაზე განუსაზღვრელი – მისი დადგომის საათი“ ლათ.) ხშირად ამბობდა მისტერ სლოატი. ისიდორს ეს გამოთქმა ათასჯერ ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ მისი მნიშვნელობა ბოლომდე მაინც ვერ გაეგო. თუკი სულელს ლათინურისა რამე მაინც გაეგება, რანაირი სულელი გამოდის?! ამ აზრის ჭეშმარიტებას მისტერ სლოატიც იზიარებდა. დედამიწაზე ისიდორზე სულელიც ბევრი იყო. ისეთები, რომლებმაც სამსახური ვერ იშოვეს და საპატიმრო დაწესებულებებში, სახელად – „ამერიკის სპეციალური უნარების ინსტიტუტი“ – იყვნენ განაწილებულები. სიტყვა `სპეციალური~ როგორც წესი და რიგი, ყველგან უნდა გამოეჩხირათ.

– მისის კლეგმან, – არ ცხრებოდა ტელეწამყვანი, – თქვენს ქმარს ტყვიისაგან დამზადებული ძვირადღირებული და მოუხერხებელი დამცავის ყოველდღიურად ტარება სიამოვნებდა?

– ჩემი ქმარი… – წამოიწყო ქალმა, მაგრამ ამ დროისთვის ისიდორმა ბოლოს და ბოლოს წვერის პარსვა მოათავა, სასტუმრო ოთახში გავიდა და ტელევიზორი გამორთო.

სიჩუმე. ყველაფერი ერთიანად დადუმდა: ავეჯი და კედლები, დამსხვრეული და ნახევრად დამსხვრეული სამზარეულოს მოწყობილობები; მანქანები, რომლებსაც ერთ დღესაც კი არ უმუშავიათ მას მერე, რაც ისიდორი ამ ბინაში ცხოვრობდა. დუმილი საშინელი სიმძიმით დააწვა ოთახს, თითქოს სპეციალურმა მექანიზმმა აამოქმედაო. კუთხეში მდგარი მაღალი სანათურებიდან ამოხეთქილი სიცარიელე ბუზებით დაფარულ ჭერს მიასკდა. დუმდა ყველა ნივთი, რომელსაც ისიდორის თვალი სწვდებოდა. უეცრად ყველაფერი საზარლად რეალური და ხელშესახები გახდა. შემდეგ, სიჩუმე, ახლად ჩამქრალი ტელევიზორის ყუთიდან გადმოვიდა, ყურებიდან თვალებსაც მისწვდა; მხოლოდ გასაგები კი არა, ხილულიც გახდა. ცოცხალი იყო… ცოცხალი! სიცარიელის ასეთი საზარელი შემოტევა ადრეც უგრძნია. მას მოცდა არ სურდა, დროს არ კარგავდა, პირდაპირ შეტევაზე გადმოდიოდა. მთელ სამყაროში გამეფებული, თავის გაუმაძღრობას აღარც მალავდა, რადგან სიჩუმემ სამყაროზე გამარჯვება დიდი ხნის წინათ იზეიმა.

ისიდორს აინტერესებდა, ამ სიცარიელეს დედამიწაზე დარჩენილი სხვა ადამიანებიც ასე მძაფრად განიცდიდნენ თუ ეს მისი განსაკუთრებული ბიოლოგიური აგებულებით იყო გამოწვეული. მისი ზედმეტად მგრძნობიარე სენსორული აპარატით.

„საინტერესო კითხვაა“, ფიქრობდა ისიდორი. მაგრამ თავს ვის შეადარებდა? იგი მარტო ცხოვრობდა ამ დანგრეულ, ათასობით დაუსახლებელბინიან ბრმა შენობაში, რომლის სტრუქტურაც დღითი დღე უარესდებოდა, იშლებოდა და ერთიანი, უზარმაზარი ნანგრევის ნაწილად იქცეოდა. ნელ-ნელა შენობის ყველა ნაწილი ერთმანეთში აიზილებოდა და უფორმო პუდინგის მსგავს მასას დაემგვანებოდა. ამის შემდეგ კი შენობა, რომელსაც აღარასოდეს არავინ მიხედავდა, საბოლოოდ დაკარგავდა მთლიანობას და დაიმარხებოდა ერთიანი, ყოვლისმომცველი მტვრის ქვეშ. თუმცა, იმ დროისთვის ისიდორიც მკვდარი იქნებოდა – კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა, რომლის მოლოდინსაც უცნაურ აღტაცებაში მოჰყავდა სასტუმრო ოთახში მდგარი ისიდორი.

გარს კვლავაც უჰაერო, ყველგან გაბატონებული კოსმოსური დუმილი ერტყა.

„იქნებ, სჯობს, ტელევიზორი ჩავრთო?“ მაგრამ დედამიწაზე დარჩენილი რეგულარებისთვის გადაღებული რეკლამების მოსმენის პერსპექტივამ ვერ მოხიბლა. ეს რეკლამები ათასი სხვადასხვა გზით ახსენებდნენ მას, სპეციალს, რომ უსარგებლო იყო და რომც მოენდომებინა, ემიგრაციით თავს ვეღარ უშველიდა.

– რატომ უნდა ვუსმინო ამას?!– ჰკითხა თავის თავს გაღიზიანებულმა, – ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ემიგრანტსა და კოლონიზაციას! იმედი მაქვს, იქაც ომს დაიწყებენ (გამორიცხული არაფერია) და ისეთივე ბედი ეწევათ, როგორიც აქ, დედამიწაზე. იმედია, ყველა ემიგრანტი სპეციალად იქცევა!

– ახლა კი სამსახურში წასვლის დროა, – თქვა ბოლოს და კარის სახელურს წაავლო ხელი. კარი ბნელ ჰოლში გადიოდა. ისიდორმა თვალები მოჭუტა და დარწმუნდა, შენობა ძველებურად უკაცრიელი იყო. ჰოლში მას ის საშინელი ძალა ელოდა, რომელიც ახლა მის ბინაში ლამობდა შემოჭრას.

„ღმერთო მიშველე“, გაიფიქრა მან და კარი სასწრაფოდ დახურა. სახურავზე ასასვლელად ჯერ არ იყო მზად, იქ არც ერთი ცხოველი ელოდა. წინასწარ მოესმა ხმაურიან, მორყეულ კიბეზე ასვლის ხმა: არაფრის ექო…

– დროა, სახელურებს მოვკიდო ხელი, – უთხრა თავის თავს, სასტუმრო ოთახი გადაჭრა და ემპათიის შავ ყუთთან შეჩერდა.

ჩართო თუ არა, ისიდორს მაშინვე ენერგომკვებავიდან ამოვარდნილი ოზონის სასიამოვნო სურნელი ეცა. ხარბად დაეწაფა და იგრძნო, სიმშვიდე როგორ დაეუფლა. ელექტრო-სხივური მილი ტელევიზორივით აინთო, ზედ უცნაური კოლაჟი გამოჩნდა, შემთხვევითი ფერებით, ხაზებითა და ზოლებით აციმციმდა. ისინი არაფერ მნიშვნელოვანს არ გამოხატავდნენ. ისიდორმა ღრმად ჩაისუნთქა და სახელურებს შეეხო.

გამოსახულება შეიკრა და მის თვალწინ ნაცნობი პეიზაჟი გადაიშალა, ძველი, ყავისფერი აღმართი, აქა-იქ გამხმარი, ჩონჩხივით გამოშვერილი სარეველა ბალახით; რუხი, უმზეო ცის ფონზე უცნაური ფიგურა, ადამიანს რომ ჰგავდა, აღმართს დუნედ მიუყვებოდა. მოხუცი კაცი, გახუნებული, უფორმო, ისეთი ძველი მოსასხამით, იფიქრებდით, პირქუში ცის ნაგლეჯიაო. ბერიკაცი, უილბერ მერსერი, წინ მიიწევდა და სახელურებზე ჩაფრენილმა ჯონ ისიდორმა იგრძნო, როგორ მოეშვა მთელი სხეული. ავეჯმა და კედლებმა ნელ-ნელა ძალა დაკარგეს და საბოლოოდ გაუჩინარდნენ. ისიდორს ნაცნობი გრძნობა დაეუფლა. ახლა მისთვის მხოლოდ ეს გახუნებული გორაკი და ცა არსებობდა. ცოტა ხანში კაციც სადღაც გაქრა და მის ნაცვლად მხოლოდ თავისი ფეხის ხმა ესმოდა, ხრიოკ მიწაზე, გამხმარ სარეველებზე რომ აბიჯებდა. ფეხქვეშ ქვების ნაცნობი სიმაგრე იგრძნო. თავს ზემოთ კი ნისლიანი ცა – ნამდვილი ცა და არა ის უცხო, ამოუცნობი მასა, დედამიწას რომ აკრავდა გარს. ეს ცაც ყალბი და შორეული იყო, მაგრამ ემპათიის ყუთის წყალობით ისიდორს ეს ნაკლებად ადარდებდა.

გზას აგრძელებდა. უილბერ მერსერის გასაოცარი შერწყმის წყალობით, რომელიც გონებისა და სულის საოცარ სინთეზს წარმოადგენდა, დედამიწასა თუ სადმე კოლონიაში, ნებისმიერი, ვისაც ახლა ხელი ასეთ სახელურებზე ჰქონდა ჩაჭიდებული, იმავეს განიცდიდა, ხედავდა და გრძნობდა. ისიდორმა მათი არსებობა იგრძნო, გონებაში მათი ფიქრები მოესმა, მათი არსებობის ხმა. მათ – ისევე, როგორც ისიდორს – ერთადერთი რამ აღელვებდათ; მათი გონება მხოლოდ ამ აღმართით იყო მოცული, მთის წვერზე ასვლის აუცილებლობით; ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ისე ნელა, რომ მთის დაპყრობა წარმოუდგენელიც კი ჩანდა. თუმცა, გორაკი აქ იყო. „უფრო მაღალი, ვიდრე ოდესმე, – გაიფიქრა ისიდორმა და ფეხქვეშ ქვები დაუცურდა, – დღეს მთა გუშინდელზე გაცილებით მაღალია“. უილბერ მერსერის ფიგურამ ზემოთ აიხედა. მთის წვერს თვალი ვერ მიატანა. მაინც ავიდოდა!

უეცრად, ხმაურით ჩამოგორებული ლოდი მხარში მოხვდა. ეტკინა. ოდნავ შემობრუნდა და მეორე ლოდმა გვერდით ჩაუქროლა, სულ ცოტათი ასცდა, მიწაზე დაეხეთქა და ამ ხმამ ისიდორი შეაშფოთა. „ვინ არის ზემოთ?“ გაიფიქრა და მწვალებლის დანახვა სცადა. როგორც ჩანს, ძველმა მოწინააღმდეგეებმა თავი შეახსენეს, მაგრამ ვერც ერთი გაარჩია. „იმან… ან იმათ… უკვე მიაღწიეს მწვერვალს“…

ისიდორს მწვერვალი მოაგონდა. უეცარი ვაკე, რომელიც გაუთავებელი აღმართის შემდეგ თვალს გჭრიდა. ნეტავ, რამდენჯერ ასულა? რამდენიმე შემთხვევა აღარც კი ახსოვდა. ისიდორს წარსული დაავიწყდა. ყველაფერი განცდილი და მომავალში განსაცდელი ერთმანეთში აერია, მისთვის აღარაფერი არსებობდა ამ წუთის გარდა, როცა აქ იდგა და ზემოთ ასვლას ცდილობდა… ხელი ნაიარევზე მოისვა. „ღმერთო“, გაიფიქრა დაღლილმა. „ნუთუ ეს სამართლიანია? ვიდგე აქ და ვიღაც ასე სასტიკად მსჯიდეს? ვიღაც, რომლის სახესაც კი ვერ ვხედავ?“თუმცა, სხვების არსებობამ ტკივილი დაუამა.

„ეს თქვენც იგრძენით“, გაიფიქრა მან. „დიახ“, უპასუხეს ხმებმა. „მარცხენა ხელში მოგვხვდა. საშინლად გვტკივა“. „კარგი“, თქვა მან. „სჯობს, ზემოთ ასვლა განვაგრძოთ“. ისიდორი ასე მოიქცა და იმწამს დანარჩენებიც აყვნენ.

კარგად ახსოვდა, რომ ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო, სანამ ეს წყევლა მოვიდოდა, უფრო ძველი, ვიდრე თავად ცხოვრება. მისმა დედობილ-მამობილმა, ფრენკ და კორა მერსერებმა, მფრინავი გასაბერი რეზინის აირ-მაშველის ტივზე იპოვეს, ახალი ინგლისის სანაპიროზე… თუ მექსიკაში, პამპიკოს პორტის მახლობლად? მოვლენები კარგად აღარ ახსოვდა. მშვენიერი ბავშვობა გაატარა. მთელი ცხოვრება შეყვარებული იყო, ძირითადად – ცხოველებზე. ახსოვდა, ერთი პერიოდი მკვდარი ცხოველების გაცოცხლებაც კი შეეძლო. სადაც უნდა ყოფილიყო, დედამიწასა თუ კოლონიებში, გამუდმებით კურდღლებთან და მწერებთან ერთად ცხოვრობდა; ახლა ესეც დავიწყებოდა. თუმცა, მკვლელები კარგად ახსოვდა; სწორედ მათ დააკავეს, როგორც გიჟი, სხვა სპეციალებზე უფრო დიდი სპეციალი. მერე ყველაფერი შეიცვალა.

ადგილობრივი კანონის მიხედვით, დროის დაბრუნება და მკვდრების გაცოცხლება სასტიკად იკრძალებოდა. ეს მეთექვსმეტე დაბადების დღეზე კარგად აუხსნეს. ერთი წლის განმავლობაში, ყველასგან ფარულად, მაინც ასე იქცეოდა. ჯერ კიდევ არსებულ ტყეებში დაძვრებოდა, სანამ მოხუცმა ქალმა, რომელიც მანამდე თვალითაც არ ენახა, გასცა. მკვლელებმა ისიდორის მშობლების ნებართვის გარეშე, რადიოაქტიური კობალტით ტვინის განსაკუთრებული კვანძები დაუზიანეს. ამის შემდეგ სრულიდან ახალ სამყაროში აღმოჩნდა; სამყაროში, რომელზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა – ეს იყო გვამებისა და ჩონჩხების სამყარო, იქიდან თავის დასაღწევად წლები დასჭირდა. ამასობაში მისი საყვარელი ცხოველები, ვირები და ბაყაყები, სამუდამოდ გაქრნენ. მხოლოდ უფორმო ნაწილები შემორჩა: უთვალო სახე, მომძვრალი კიდური… ბოლოს ჩიტმა, რომელიც იქ სიკვდილის წინ შეფრინდა, გაუმხილა, სადაც იმყოფებოდა… სარკოფაგების სამყაროში იყო გამოკეტილი და იქაურობას მანამდე ვერ დააღწევდა თავს, სანამ მის ირგვლივ მიმოფანტული მკვდარი ძვლები არ გაცოცხლდებოდა და ძველებურ ფორმას აღიდგენდა. თავად ისიდორიც ამ ერთიანი მეტაბოლიზმის ნაწილი გამხდარიყო და ამის გარეშე ვერ გადარჩებოდა.

ახლა აღარ ახსოვდა, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ციკლი. თითქმის არაფერი ხდებოდა, ამიტომაც დროის გამოთვლა შეუძლებელი იყო. საბოლოოდ ძვლებმა ხორცი შეისხეს, თვალის ბუდეები ამოივსო; ძველ ფორმას დაბრუნებული ნისკარტები წკაპუნებდნენ, პირები ყეფდნენ და ყიოდნენ. შეიძლება ეს ისიდორის დამსახურებაც იყო. შეიძლება ექსტრასენსორული კვანძები მის ტვინში საბოლოოდ აღდგა. ანდაც მას არაფერი გაუკეთებია და ეს ბუნებრივი პროცესის ნაწილი იყო. ისიდორი სხვებთან ერთად ზემოთ აგრძელებდა სვლას. მართალია მათი დანახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ ისიდორი გრძნობდა, რომ ისინი აქ იყვნენ, გვერდში მიჰყვებოდნენ.

იდგა ისიდორი, სახელურებზე ხელები ჩაეკიდებინა და ყველა ცოცხალ არსებას საკუთარ თავში გრძნობდა… შემდეგ კი ხელი მოადუნა და სახელურს ნელა გაუშვა. როგორც ყოველთვის, ემპათიის ყუთი როცა იქნებოდა, უნდა გამოერთო. თანაც, მხარი სტკიოდა, სადაც ლოდი მოხვდა.

ხელებით ნაიარევი მოისინჯა, შემდეგ კი არეული ნაბიჯით საკუთარი ბინის სააბაზანოსკენ წავიდა, რათა ჭრილობა მოებანა. მერსერთან შეერთებისას ეს პირველად არ მოსვლია და ალბათ, არც უკანასკნელად. ზოგიერთი კვდებოდა კიდეც, განსაკუთრებით – მოხუცები. მთის მწვერვალზე თავდაუზოგავი ბრძოლა იწყებოდა. „ნეტავ, კიდევ ერთხელ თუ გადავურჩები ამ ყველაფერს“, გაიფიქრა მან, სანამ ჭრილობას ირეცხავდა. „ტკივილისგან შეიძლება გული გამიჩერდეს. უკეთესი იქნებოდა, ქალაქის ისეთ ნაწილში ვცხოვრობდე, სადაც ექიმები ელექტროშოკებით აღჭურვილები გიდგანან გვერდით. აქ, ამ უკაცრიელ ადგილას, ზედმეტად სარისკოა“. მაგრამ კარგად იცოდა, რომ კიდევ გარისკავდა. ხშირად გაურისკავს. ყველა ასე იქცეოდა, მოხუცებიც კი, რომლებიც ფიზიკურად დაუცველები იყვნენ.

„კლინექსის“ ხელსახოცით დაზიანებული მხარი შეიმშრალა.

შორიდან ტელევიზორის მოგუდული ხმა მოესმა.

„შენობაში ვიღაც არის, – გაიფიქრა მან და საკუთარ თავს არ დაუჯერა, – ჩემი ტელევიზორის ხმა ვერ იქნება, გამორთული მაქვს. თანაც, იატაკი ზრიალებს. ხმა ქვემოდან მოდის, ქვემოთა სართულიდან! მარტო აღარ ვარ, – დაასკვნა მან, – შენობაში კიდევ ერთი მცხოვრებია, თანაც ჩემთან საკმაოდ ახლოს, მისი ხმა მესმის. მეორე სართულზე იქნება, ან მესამეზე, უფრო ქვემოთ არა. მოდი, გავიცნობ! მოიცა, როგორ უნდა მოიქცე, თუ ახალი მეზობელი გყავს? კარზე უნდა დაუკაკუნო და რაიმე სთხოვო? ასე იქცევიან?“

აღარ ახსოვდა. აქამდე ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩენილა, არც აქ, არც სხვაგან: ხალხი გარბოდა, ემიგრაციაში მიდიოდა, მაგრამ მეზობლად არავინ გადმოსულა. „რაღაც უნდა მივუტანო, – გადაწყვიტა ბოლოს, – ერთი ჭიქა წყალი, ანდაც რძე… ჰო, რძე, ან ფქვილი, ან კვერცხი – ან ამ ყველაფრის ხელოვნური შემცვლელი“.

მაცივარში შეიხედა – კომპრესორი დიდი ხანია აღარ მუშაობდა – და ძველისძველი მარგარინის ნაჭერი აღმოაჩინა. მარგარინით ხელში, აჩქარებული გულისცემით ქვედა სართულისკენ გაეშურა. „უნდა დავმშვიდდე. ვერ უნდა მიხვდეს, რომ სულელი ვარ. თუ მიხვდება, ჩემთან ლაპარაკს აღარ მოისურვებს. სულ ასე ხდება. ნეტავი, რატომ?“

ისიდორი ჰოლში სწრაფად მიაბიჯებდა.


Filed under: აპეტაიზერი Tagged: აპეტაიზერი, გამომცემლობა "წიგნები ბათუმში", ეკა ტაბლიაშვილი, ირაკლი ბაკურიძე, მარიამ კორინთელი, ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?, ფანტასტიკა, ფილიპ დიკი, Do Androids Dream of Electric Sheep, Philip K. Dick
  • Love
  • Save
    Add a blog to Bloglovin’
    Enter the full blog address (e.g. https://www.fashionsquad.com)
    We're working on your request. This will take just a minute...